24.ივლისი .2020 15:57

ვფიქრობ, ვაქცინა ხელმისაწვდომი გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება - გამყრელიძე

views 251
უკან

ვფიქრობ, ვაქცინა უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება, ვიდრე მედიკამენტი - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან ვაქცინის ხელმისაწვდომობის პერიოდის შესახებ თავისი მოსაზრებები დააფიქსირა და აღიშნა, რომ საქართველოს ვაქცინის მიღებაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს.

„სადღაც 100-ზე მეტი ვაქცინაა შექმნილი, მაგრამ მათგან 10 გადის კლინიკურ კვლევას და აქედან 4 არის კლინიკური კვლევის მოწინავე, ანუ დამთავრების ეტაპზეა. ეს არის ოქსფორდის ვაქცინა, ამერიკაში შექმნილი ვაქცინა, ამერიკულ-გერმანული და კიდევ რამდენიმე ასეთი...

მაინც ვფიქრობ, რომ ვაქცინა გარკვეული მოცულობებით ხელმისაწვდომი გვიან შემოდგომაზე ან მომავალი წლის დასაწყისში იქნება.

ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები, შვედურ-ბრიტანულ კომპანია „ასტრა ზენეკასთან“, რომელიც ოქსფორდის ჯგუფთან ერთად მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, იმასთან დაკავშირებით, რომ იმ შემთხვევაში თუ იქნა ხელმისაწვდომი ვაქცინა რა პირობებით და როგორ გამოიყოფა ის საქართველოსთვისაც. და მეორე ამ საკითხზე სერიოზულად მუშაობს ვაქცინების მთავარი საერთაშორისო კომპანია - ვაქცინების გლობალური ალიანსი (GAVI), რომელიც ქვეყნებს სხვადასხვა ახალი ვაქცინების დანერგვაში ეხმარება. ჩვენს ეროვნულ კალენდარში ბოლო 5 წლის განმავლობაში 4 ახალი ვაქცინა დავნერგეთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო მედიკამენტის შემქნასთან დაკავშირებით მდგომარეობა უფრო რთულია.

„რაც შეეხება მედიკამენტს, აქ უფრო რთულად არის საქმე. ე.წ. პირდაპირი მოქმედების რამდენიმე მედიკამენტი, ახალი მოლეკულები კვლევის ფაზაშია, მაგრამ უფრო მეტი აქცენტი ე.წ. ძველ მედიკამენტებზეა, რომლებიც გამოიყენებოდნენ სხვადასხვა მიზნით და მათი დიდი კლინიკური კვლევები მიმდინარეობს, მაგალითისთვის ეს არის რემდესივირი, რომელიც ებოლასთვის შეიქმნა, დიდი გამოხმაურება აქვს დექსამეტაზონს და კიდევ შიდსის საწინააღმდეგო რამდენიმე პრეპარატს, რომლის გარკვეული ეფექტურობა დადასტურებულია. მაგრამ ჩემი აზრით, ვაქცინა უფრო ადრეულ ეტაპზე იქნება“, - აღნიშნა გამყრელიძემ.