მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, ჭორია, რომ შეიძლება ლუგარი NCDC-ს გამოეყოს - გამყრელიძე

632c1498388f6
ინგა მურუსიძე
22.09.22 12:21
585

მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვფიქრობ, ჭორია, რომ შეიძლება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარი გამოეყოს, ან ისევ მოხდეს მისი რეორგანიზაცია, - ამის შესახებ ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია არის საქართველოს საგანძური. გამყრელიძე ამაყობს, რომ 2001-2003 წლებში გარკვეული როლი მიუძღვის ამ დიდი პროგრამის საქართველოში დაწყებაში, როდესაც მოიაზრებოდა ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის შექმნა და განვითარება.

„ყველაზე მთავარია ბოლო 10 წელი, როდესაც ლუგარის ლაბორატორია დაუბრუნდა დაავადებათა კონტროლის ცენტრს. გარკვეული პერიოდი მიდიოდა "პინგ-პონგის თამაში", ხან ერთი უწყების იყო, ხან მეორესი და ვერ ფუნქციონირებდა. სწორედ 2013 წელს დაუბრუნდა ის დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს და სრულად ამუშავდა. ლუგარის ლაბორატორიამ სერიოზული როლი ითამაშა ქვეყნის ბიოლოგიურ და სამედიცინო უსაფრთხოებაში. ის გახლავთ უნიკალური ლაბორატორია ჩვენი რეალობისთვის, ეს დავინახეთ პანდემიის, „C ჰეპატიტის“ ელიმინაციის და ათობით საერთაშორისო პროექტის განხორციელების დროს. ის გახლავთ დღეს რეგიონული ჰაბი, სადაც ბევრი ქვეყნის წარმომადგენლები ჩამოდიან გამოცდილების გასაზიარებლად და ტრეინინგებისთვის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

რაც შეეხება იმას, რომ რუსეთის მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო და არის, გამყრელიძე ამბობს, რომ ამას მხოლოდ პოლიტიკური სარჩული აქვს და რუსეთს „შურს“. „ეს ასევე არის რუსეთის „თეთრი“ თუ როგორიც გინდათ დაარქვით, შური. ჩემი კარიერის განმავლობაში ერთ-ერთ დიდ დამსახურებად მიმაჩნია ამ პროგრამის საქართველოში დაწყებაში მონაწილეობა და ლუგარის ლაბორატორიის ფუნქციონირება. რაც შეეხება რუსეთის მუდმივ აპელირებას იმაზე, რომ იქ რაღაც კეთდება და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი მოგონილია სხვადასხვა მიზეზის გამო. რუსეთის „შური“ უკავშირდება შემდეგს: თუ ზოგიერთი დაავადების დიაგნოსტიკისთვის ადრე მოსკოვში, ან ლენინგრადში (სანკტ-პეტერბურგში) ვაგზავნიდით ნიმუშებს, ახლა რატომ არა? ჩვენ შეგვიძლია იმ ტიპის სამეცნიერო-სადიაგნოსტიკო კვლევების ჩატარება, რასაც რუსეთის ნებისმიერი მაღალგანვითარებული ინსტიტუტი აკეთებს, ზოგ შემთხვევაში უფრო მეტიც შეგვიძლია. თუნდაც, „С ჰეპატიტის“ ელიმინაციის პროგრამა, რომელიც საქართველოს სავიზიტო ბარათია ყველგან. საქართველო 12 ქვეყანას შორის განიხილება ერთ-ერთ მოწინავე და სამაგალითო ქვეყნად, აქ დიდი როლი აქვს ლუგარის ლაბორატორიას“, - ამბობს გამყრელიძე.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის საგანძურია და ის პირიქით კიდევ უნდა განვითარდეს.

„მე რა ინფორმაციაც მაქვს, ვფიქრობ, ჭორია, რომ შეიძლება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს ლუგარი გამოეყოს, ან ისევ მოხდეს მისი რეორგანიზაცია. ასევე სიმართლის ელემენტი არ უნდა იყოს იმაში, რომ შეიძლება ვიღაცას კოჭი გაეგოროს... ლუგარის ლაბორატორია ქვეყნის საგანძურია, პირიქით კიდევ უნდა განვითარდეს. მაისში მქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, სადაც რამდენიმე ახალი დიდი ინიციატივა-პროექტი განვიხილეთ, რაც საქართველოში უნდა განვითარებულიყო ან დაწყებულიყო, მათ შორის იყო ლუგარის ლაბორატორიის შემდგომი განვითარება. მოგეხსენებათ, ჩვენ იქ გვაქვს გენომიკური სერიოზული კვლევები, რომელიც პანდემიის დროს ძალიან გავაძლიერეთ. დიდი გეგმები გვქონდა ამ მიმართულებით განვითარებაზე. არის შეპირება, რომ ეს განხორციელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ახალი ხელმძღვანელობა ამ პროექტს განახორციელებს. მოგეხსენებათ, 21-ე საუკუნე არის პრევენციისა და ადამიანის გენომის საუკუნე, გენომზე დამყარებული დიაგნოსტიკის და კვლევების საუკუნე. დარწმუნებული ვარ, გენომის ეროვნული პროექტი ქვეყანაში განხორციელდება, საწყისი ძირითადი ბაზა იქნება ლუგარი. ამ პროექტს სჭირდება მრავალმხრივი მხარდაჭერა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

წყარო - IPN.GE