მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, კრიზისის მიუხედავად სასტუმროები ფასებს გაზრდიან" - "ჩექ ინ თრეველი"

5eba5a5b89bd9
ვიქტორია მღებრიშვილი
12.05.20 12:37
1284
მთავრობის მიერ საერთაშორისო ტურიზმის გახნის თარიღად 1 ივლისის დასახელების შემდეგ სტუმარ-მასპინძლობის დარგის ყველა რგოლი გააქტიურდა, თუმცა მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ გასააქტიურებლად ჯერ კიდევ გარკვეული ზომებია მისაღები.

BM.GE-ისთან საუბრისას ტურისტული კომპანია „ჩექ ინ თრეველის“ დამფუძნებელი ია გედევანიშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლიც წინაშეც ტუროპერატორები დგანან. მისი თქმით, უმთავრესი გამოწვევა პოსტპანდემიურ პერიოდში ტუროპერატორების მიერ შეთავაზებული პაკეტების ღირებულებაა, რომელიც სასტუმრო ნომრების ღირებულებაზეა დამოკიდებული.

"ფასები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ ის არ იქნება ადეკვატური, მცირე რაოდენობის ტურისტების შემოყვანაც გაგვიჭირდება. ამასთან, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მიუხედავად ამ კრიზისისა, სასტუმროები ერთბაშად ეცდებიან ზარალის ანაზღაურებას და შესაბამისად, გაზრდიან ფასებს იმის მაგივრად, რომ ბიზნესის შენარჩუნებას და ტურისტის მოზიდვას ეცადონ.

ჩვენ გვქონდა საუბარი სასტუმროებთან და ისინი შარშანდელ ფასებთან დაბრუნების მზაობას გამოთქვამენ. ძალიან მინდა, რომ ქართველები ქართველებს დავეხმაროთ. ძალიან ცუდი ტენდენცია გვაქვს ადგილობრივ ბაზარზე - სასტუმროები უფრო ძვირად ყიდიან ნომრებს და მომსახურებას ქართულ ტურისტულ კომპანიებზე, ვიდრე - უცხოურებზე, ეს მიუღებელია. უნდა გვესმოდეს, რომ პირველ, მეორე და მესამე ნაკადს ტურისტი მერე თავისით მოჰყვება, თუ ნახავენ რომ იგივეა მომსახურება და უსაფრთხოა ჩვენთან", - ამბობს ია გედევანიშვილი.

ამასთან, „ჩექ ინ თრეველის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პარტნიორებთან კომუნიკაცია არ გაუწყვეტიათ, თუმცა კონკრეტულ მოლაპარაკებებზე საუბარი ჯერ ადრეა. ის თვლის, რომ ქვეყანა და კერძო სექტორიც აღმოსავლეთის ქვეყნების მიამრთულებით უნდა გააქტიურდეს, რადგან ეს შედარებით უსაფრთხო მიმართულებებია.

„ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკებები დასავლეთის და აღმოსავლეთის ქვეყნების მიმართულებით, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რომელიც მიმართულება გამოთქვამს სურვილს, რომ გახსნას მიმართულებები.

მგონია, აქტივობა უნდა განვაახლოთ ინდოეთის და ტაილანდის ბაზრებზე, რადგან ეს უფრო უსაფრთხო ქვეყნებია. აქ მოსახლეობა დიდია და ისინი საქართველოთი დაინტერესებულნი არიან“, - ამბობს ია გედევანიშვილი და დასძენს, რომ ამ მხრივ, მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რათა არ შეფერხდეს შემომავალი ტურისტის საზღვარზე შემოშვება და არ მოხდეს მათი გაბრუნება, რომლის მაგალითებიც Covid-19-მდე მრავლად იყო.

„როდესაც შემოდის ტურისტი, მე შემიძლია სახელმწიფოს გადასახადები გადავუხადო, მაგრამ ეს ტურისტი ჯერ უნდა მოვიზიდოთ, რომ შემოვიდეს, ამიტომ ყველაზე მეტად, რაც ჩვენ გვჭირდება ახლა, არის საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლის გამარტივება. მაგალითისთვის, მე ვმუშაობდი ინდოეთის ბაზარზე, ათვისებული გვქონდა შემოსაყვანად და ვერ შემოვიყვანე, რადგან საზღვარზე კვეთის დროს არ უშვებენ ინდოელ სტუმრებს და ჩვენგან გარანტიებს ითხოვენ. ეს პროცესი უნდა გამარტივდეს“, - ამბობს „ჩექ ინ თრეველის“ დამფუძნებელი.