10.ივლისი .2020 00:10

ვფიქრობ, რომ შვეიცარიაზე უფრო მეტი შანსი გვაქვს – გალიფ ოზთურქი

views 679
უკან

ადრე ვამბობდი, რომ საქართველო კავკასიის შვეიცარიაა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შვეიცარიაზე უფრო მეტი შანსი გვაქვს, – ამის შესახებ თურქმა ინვესტორმა გალიფ ოზთურქმა Forbes Georgia-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"საქართველო არის აღმოსავლეთის დასავლეთი. ხოლო თუ შავ ზღვას წარმოვიდგენთ, როგორც ბეჭედს, საქართველო არის ბეჭდის თვალი. საბერძნეთში, ბულგარეთში, ასევე გერმანიაში მცირე ინვესტიციები გვაქვს, თუმცა აქ ვცხოვრობ, საქართველო მიყვარს", – აღნიშნა ოზთურქმა, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა 2015 წელს აქვს მიღებული.

თურქეთ-საქართველოს ეკონომიკურ კავშირებზე საუბრისას, ინვესტორმა აღნიშნა, რომ ის ამ ორ ქვეყანასთან ერთად საერთო ჭრილში აზერბაიჯანსაც განიხილავს.

"საქართველოს ევროპული მართვის საბაჟო სისტემა აქვს. წარმოების კუთხით თურქული წარმოების საქართველოში გადმოტანა შეიძლება. თურქეთიდან შემოსულ ინვესტორებს ვუხსნი, ჩინეთსა და საქართველოში წარმოებას შორის და თურქეთსა და საქართველოში წარმოებას შორის განსხვავებებს და ამ მხრივ საქართველოს პლუსებს ვაჩვენებ. მე ვურჩევ ინვესტორებს, საქართველოზე შეაჩერონ არჩევანი, უფრო ხელსაყრელია. საქართველოს მთავრობის პოლიტიკაც ამ მხრივ ღიაა, ძალიან კარგად მუშაობს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულება. ახალგაზრდა, დინამიკის მქონე საქართველოს ვხედავ მომავალში. თითქმის ყველა საერთაშორისო ინდექსში, თურქეთთან შედარებით, ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ, მაგრამ ნამცხვრისგან იმ წილს ვერ ვიღებთ, რაც უნდა მივიღოთ", – ამბობს ოზთურქი.

მისივე თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს ტურიზმის სექტორზე და პანდემიის დროს ნათლად გამოჩნდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს მიმართულება ქვეყნისთვის.

"ტურიზმი ხომ წარმოებაა კვამლის გარეშე. პანდემიის პერიოდშიც ვნახეთ, რომ ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გაკვეთილის შემდეგ უფრო გაღიმებული სახით და მეტი სიფრთხილით რომ მოვეკიდებით ჩამოსულ ტურისტებს, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ამ მხრივ განათლების კუთხით პრობლემა გვქონდა. მაგრამ ესეც ვითარდება.", – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, გალიფ ოზთურქი აჭარაში უმსხვილეს თურქ ინვესტორს წარმოადგენს, რომლის METRO HOLDING-ი საქართველოში 2012 წლიდან საინვესტიციო კომპანია "მეტრო ატლას ჯორჯიას” სახითაა წარმოდგენილი. ოზთურქს ინვესტიციები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და საფინანსო სექტორში აქვს განხორციელებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა