მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, საქართველო შესაძლებლობას უშვებს ხელიდან - სებასტიან მოლინეუსი სამუშაო ძალაზე

639b18243183a
BM.GE
15.12.22 17:01
764
BMG-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა საქართველოს სამუშაო ძალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით, მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა გაატაროს.

სებასტიან მოლინეუსის განცხადებით, დღეს საქართველო ძალიან დიდ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, როდესაც შრომის ბაზარზე არსებული მიწოდება მოთხოვნას ვერ პასუხობს, რასაც სამუშაო ძალაში ქალთა დაბალი ჩართულობაც ემატება. სწორედ ამ ფაქტორების გამო, მსოფლიო ბანკის უკანასკნელ კვლევაში აღნიშნულია, რომ სამუშაო ძალის ჩართულობა და მისი წვილილი საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში შედარებით შეზღუდულია.

“ანგარიში აჩვენებს, რომ სამუშაო ძალის ჩართულობა და მისი წვლილი ეკონომიკურ ზრდაში შედარებით შეზღუდულია – დაახლოებით 10%–ია და ზოგიერთი სარგებელი, რაც ეკონომიკამ შეიძლება მიიღოს შედარებით გაზრდილი დასაქმების ფონზე – რაც 20%–ია, ვერ რეალიზდება დაბერებადი სამუშაო ძალის პირობებში და იმის ფონზე, რომ ადამიანები ტოვებენ სამუშაო ძალას. რასაც ახლა ჩვენ ვაკვირდებით ის არის, რომ საკმაოდ მაღალია როგორც უმუშევრობის, ისე სამუშაო ძალის არასრული დატვირთულობა. გარკვეული შეუთავსებლობაა – რადგან ერთი მხრივ, კერძო სექტორის მხრიდან არსებობს მოთხოვნა გარკვეულ უნარებზე, მაგრამ მეორე მხრივ, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ. თითქმის პარადოქსია, როცა ბევრი ადამიანი გვყავს, რომელსაც დასაქმება უნდა და სამუშაო ადგილს ეძებს და ბევრი კომპანიაც გვყავს, რომელიც სამუშაო ძალას ეძებს, მაგრამ ეს ხალხი ერთმანეთს ვერ ხვდება, რადგან მათი მოთხოვნები ერთმანეთს არ ემთხვევა.

ეს ნამდვილად არის ის სფერო, რომელიც რეფორმირებას მოითხოვს. საკმაოდ კომპლექსური გამოწვევაა, რადგან რეფორმები განათლების ძალიან ადრეული საფეხურიდან უნდა დაიწყოს – ბავშვები უნდა იყვნენ მზად სკოლისთვის, მნიშვნელოვანია საშუალო განათლება, შემდეგი საფეხური და არ უნდა დაგვავიწყდეს ასევე პროფესიული განათლებაც. კიდევ ერთი აქცენტი მინდა დავსვა – ვფიქრობ, საქართველო ძალიან სერიოზულ შესაძლებლობას უშვებს ხელიდან, სამუშაო ძალაში ქალების ჩართულობის თვალსაზრისით. არ ვარ დარწმუნებული, რომ საქართველოში დღეს ამისთვის კარგი გარემოა – მაგალითად, დღის საათებში ბავშვის ან მოხუცის მოვლის ცენტრები არ არის, რაც ქალს საშუალებას მისცემდა უფრო აქტიურად ჩაბმულიყო სამუშაო ძალაში; სოციალური ნორმებიც შესაცვლელია – ძალიან ბევრი ქალია საქართველოში აბსოლუტურად გამორჩეული უნარებით – მათ შორის ტექნიკური და ტექნოლოგიური – ე.წ. სტემ განათლებით, თუმცა შემდგომ საზოგადოება ხელს უწყობს ამ ქალების დასაქმებას უფრო სოციალური სერვისების მიმართულებით – იქნება ეს განათლება, საექთნო საქმე თუ სხვა – რა თქმა უნდა, ამაში დასაძრახი არაფერია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მაინც ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა: ქალებს ბევრად მეტი კონტრიბუციის შეტანა შეუძლიათ საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში,”- აცხადებს სებასტიან მოლინეუსი.

ოქტომბერში საქართველომ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით, ადამიანური კაპიტალის $500-მილიონიანი მრავალწლიანი პროგრამა დაანონსა, რომელიც ჯანდაცვის, განათლების და სოციალური დაცვის მიმართულებით რეფორმების გატარებას ითვალისწინებს.

ადამიანური კაპიტალის პროგრამის დაფინანსება ჯამში დაახლოებით 500 მლნ დოლარს შეადგენს, საიდანაც 400 მლნ დოლარი მსოფლიო ბანკმა, 100 მლნ ევრო კი საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) გამოყო. აღნიშნული კრედიტი გამორჩეულია იმით იქნება, რომ ეს არის ბიუჯეტის მხარდაჭერის სესხი, რაც ნიშნავს, რომ უწყებები მუშაობას რეფორმის გეგმის შესაბამისად გააგრძელებენ და შესრულებული სამუშაოს შემდეგ ქვეყნისთვის ამ თანხის ანაზღაურება მოხდება.