მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობ, სებ-ი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს - ირაკლი ერაძე

62b379d5f0f7a
ალა ისპირიანი
23.06.22 09:00
902
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 22 ივნისის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 11%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მაისში ინფლაცია 13.3%-ს შეადგენდა, სებ-ი ამჟამად რეფინანსირების განაკვეთის შეცვლის აუცილებლობას ვერ ხედავს. გავრცელებულ პრეს-რელიზში აღნიშნული იყო, რომ მპკ-ს  შემდეგი სხდომა 3 აგვისტოს არის ჩანიშნული, მაგრამ ცენტრალური ბანკი მანამდე რიგგარეშე სხდომის ჩატარებას არ გამორიცხავს.

ფინანსისტი ირაკლი ერაძე ფიქრობს, რომ სებ-ი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას მომავალშიც შეუნარჩუნებს, რაც ეკონომიკაზე დადებითად არ იმოქმედებს. 

„ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ამ ეტაპზე ისედაც მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ შეიძლება ქვეყნის ეკონომიკაზე ცუდად იმოქმედოს. რაც შეეხება მოლოდინებს, უკრაინის ომის გამო ისეთ სიტუაციაშია ევროპა და მითუმეტეს რეგიონი, რომ რაიმეს წინასწარ განსაზღვრა და მოლოდინის შექმნა, რა მოხდება ხვალ ან ზეგ თითქმის წარმოუდგენლად მიმაჩნია. ჩემი აზრით, სებ-ი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას შეინარჩუნებს“, - განაცხადა ფინანსისტმა ირაკლი ერაძემ.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ამბობს, რომ მონეტარული პოლიტიკის შერბილების მოლოდინი არც ჰქონია.

„შემცირებას არავინ ველოდებით. იყო ვარიანტი, რომ იგივე დაეტოვებინათ ან გაზრდაც შეიძლებოდა, მაგრამ არ გაზარდეს. სებ-ი აღარ ელოდება მეტ ინფლაციურ წნეხს. ეს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ნავთობის ფასებზე იქნება დამოკიდებული. საბოლოო ჯამში ზოგადად ფასების საერთო დონის შემცირებაზე საუბარი არ არის, მაგრამ ინფლაციის შესუსტებაზე საუბარია საშუალოვადიან პერიოდში. შესაბამისად გადაწყვეტილება პოლიტიკის გამკაცრებისკენ აღარ იქნა მიღებული.

განცხადება იმის შესახებ, რომ შესაძლოა რიგგარეშე მპკ-ს სხდომა მოიწვიონ არაფერს განსაკუთრებულს არ ნიშნავს, უბრალოდ ომის გამო სიტუაცია არამყარია, რადგან ომი ჩვენთან ახლოსაა და შესაძლოა უცებ სიტუაცია შეიცვალოს და სები-სგან სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება გახდეს საჭირო“,- განაცხადა ბერიკაშვილმა.