მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სწორი გადაწყვეტილება იყო - IMF-ის წარმომადგენელი

5de4cc16ced36
შოთა ტყეშელაშვილი
02.12.19 13:35
968
BMG საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარების შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) რეზიდენტ წარმომადგენელს სელიმ ჩექირს ესაუბრა. ჩექირი შეეხო როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებს და თქვა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება სწორი გადაწყვეტილება იყო. 

ინტერვიუ საქართველოში IMF-ის  წარმომადგენელთან სელიმ ჩექირთან:

 - როგორ შეაფასებდით იმ სამუშაოს, რაც როგორც საქართველოს მთავრობამ, ასევე ეროვნულმა ბანკმა გასწიეს მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის მიმართულებით?

 - მონეტარული პოლიტიკით დავიწყებ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წლის განმავლობაში კარგად გაართვა თავი ინფლაციის ერთნიშნა მაჩვენებელზე შენარჩუნებას. ახლა რა თქმა უნდა გამოწვევა, რომლის წინაშეც ეროვნული ბანკია არის ის, რომ დაუბრუნონ ინფლაციის დონე მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს. ამ ზრდის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვფიქრობთ რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის ეკონომიკური ბუფერების განმტკიცების მიმართულებით კარგი ნაბიჯები გადადგა. ამ შემთხვევაში სავალუტო რეზერვების მოცულობას ვგულისხმობ, რადგანაც რეზერვების ზრდა ქვეყნის საგარეო შოკებისადმი მოწყვლადობის შემცირებისთვის არის მნიშვნელოვანი. ამავდროულად, ჩემი აზრით, რეზერვების ზრდამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგის გაუმჯობესებაზეც იქონია დადებითი გავლენა.

თქვენ ფისკალური პოლიტიკის შესახებაც მკითხეთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს მთავრობა ფისკალური დისციპლინის ძირითად პრინციპებს იცავს. თქვენ ეკონომიკური თავისუფლების შესახებ კანონის მიხედვით, ძირითადი ფისკალური წესები კანონის სახითაც გაქვთ განსზაღვრული. ამ კანონით საქართველოს ბიუჯეტის დეფიციტი 3%-ზე, ვალის მშპ-ის ფარდობა კი 60%-მდე დონეზე არის დაფიქსირებული. შესაბამისად, ამჟამად თქვენი სახელმწიფო ვალი 42%-43%-ზეა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით. დეფიციტი კი 3%-ზე ნაკლები.

მოგეხსენებათ, ჩვენ საქართველოს მთავრობასთან არსებული პროგრამის 2021 წლის აპრილამდე გაგრძელების გადაწყვეტილება მივიღეთ და ჩვენ შევთანხმდით 2020 წლის ბიუჯეტის ძირითად პარამეტრებზე. ბიუჯეტის დეფიციტი კი 2.7%-ზე არის შეთანხმებული. ვფიქრობთ, რომ ბიუჯეტი სოციალურ გადასახდელებსა და კაპიტალურ დანახარჯებთან მიმართებით დაბალანსებულია, ამავდროულად ინარჩუნებს ფისკალური დისციპლინის პრინციპებს. მთლიანობაში, ჩვენ ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებული როგორც ფისკალური, ასევე მონეტარული პოლიტიკა არის პასუხისმგებლიანი.

- როგორ შეაფასებდით საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას რეგიონალურ ჭრილსა და უფრო ფართო კონტექსტში?

 - საქართველო ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს და თქვენი ეკონომიკური პროგრამა სწორად ცდილობს აღნიშნული მდებარეობის მაქსიმალურ კაპიტალიზებას. არაერთი პროგრამაა შექმნილი, რომელიც საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნისკენ არის მიმართული. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ქვეყანას ამ მხრივ განვითარებაში დაეხმარება. უფრო ფართო ჭრილში შემიძლია ვთქვა, რომ საქართველოს მოქმედი ხელისუფლების, ისევე როგორც წინა ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკისა და ზრდის ამოსავალი წერტილი იყო კერძო ბიზნესი. ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნისკენ სწრაფვა თვალნათლივ ჩანს მსოფლიო ბანკის დუინგ ბიზნესის რეიტინგშიც. წინა ანგარიშით მეექვსეზე, ახლა კი მეშვიდე ადგილზე ხართ, მთლიანობაში საქართველო ამ მხრივ ლიდერთა შორისაა. ამასთანავე, რეგიონალურ ჭრილში ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფოს ეკონომიკაში არ უჭირავს ისეთივე დიდი წილი, როგორც ეს რეგიონის ქვეყნებშია. როგორც საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ოდენობის, ასევე მთლიანად ეკონომიკაში არსებული წილის მიხედვით.

რაც შეეხება ზრდის პერფორმანსს, თუკი ჩვენ CCA ჯგუფის საშუალოს შევხედავთ, 2018 წელს ჯგუფის საშუალო იყო 4.2%, თქვენი ზრდა კი 4.7%-ს შეადგენდა. 2019 წლისთვის IMF-ის პროგნოზი რეგიონისთვის არის 4.4%, საქართველოსთვის კი ის 4.6%-ია. ზრდის შედეგები მეტნაკლებად რეგიონის ჯგუფის შედეგებთან არის თანხვედრაში.

 - საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო. გვაინტერესებს თქვენი შეფასება, როდის შეიძლება შემცირდეს ინფლაცია და რა გავლენა შეიძლემა მას ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე ჰქონდეს.

- გაზრდილი ინფლაციისა და გაუარესებული ინფლაციური მოლოდინების დროს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოიმოქმედა ის, რასაც მოიმოქმედებდა სხვა ცენტრალური ბანკი, რომელიც ინფლაციის თარგეთირების პოლიტიკის რეჟიმს მიყვება - რაც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას წარმოადგენს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რეფინანსირების განაკვეთის ზრდა სწორი გადაწყვეტილება იყო, ის შეამცირებს ინფლაციას, თუმცა ამას დრო დასჭირდება. ამასთანავე, არსებობს საბაზო ეფექტი, რაც გასულ წელს, თამბაქოს ნაწარმზე აქციზის განაკვეთის ზრდის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ფაქტორი ინფლაციაზე 2019 წლის დასაწყისიდანვე მოქმედებდა. თუმცა, ამჟამად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ინფლაციაზე მოქმედებს არის ლარის გაუფასურება. ჩვენ მოველით, რომ 2019 წლის ბოლოს ინფლაცია დაახლოებით 7% იქნება, 2020 წლის დასაწყისიდან კი ის ეტაპობრივად შემცირდება, თუმცა სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს, ამ დროის პროგნოზით ინფლაცია მხოლოდ 2020 წლის ბოლოს უნდა დაუბრუნდეს.

- ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ინფლაცია იყო შედარებით მაღალი, არის როგორც თქვენ აღნიშნეთ თამბაქოს ნაწარმზე გაზრდილი აქციზის გადასახადი. როგორ ფიქრობთ, უნდა იყოს თუ არა სახელმწიფო არსებულ ვითარებაში შედარებით ფრთხილად, სანამ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, რასაც ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა ექნება.

- დიახ, სახელმწიფომ გაზარდა საგადასახადო განაკვეთი, რათა დაეცვა ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლები, ეს კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ამავდროულად, სტაბილური დეფიციტის შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებისთვის არის მნიშვნელოვანი. დიახ, ამგვარ გადაწყვეტილებებს აქვთ მოკლევადიანი ეფექტი ქვეყანაში ფასების საერთო დონეზე, ჩვენი დათვლით, აქციზის ზრდის წვლილი ინფლაციაში 1.3 პროცენტული პუნქტის ფარგლებშია. ცხადია ეროვნული ბანკი უყურებს აქვს თუ არა ამგვარ მატებას გარკვეული გვერდითი ეფექტები ზოგადად, ინფლაციური მოლოდინების ზრდასთან მიმართებით. როგორც წესი, ცენტრალური ბანკი არ გადადგამს მსგავსი მიზეზით გამოწვეული მატების გამო მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შესახებ ნაბიჯს, რადგანაც ცნობილია, რომ ეს მატება ინფლაციის დონეზე მხოლოდ დროებით აისახება. ანუ შემდგომი წლის დადგომის შედეგად, ეს ეფექტი გაუჩინარდება.

შესაბამისად გავმეორდები, რომ ბუჯეტის დეფიციტის ძირითადი პარამეტრის დაცვა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. თქვენ მიერ მოყვანილ მაგალითს შეიძლება კომუნალურ ტარიფებზე ფასების მატებაც შევადაროთ. ამგვარმა მატებებმა ინფლაცია მოკლევადიან ჭრილში შეიძლება გაზარდონ, მაგრამ თუ ეს ნაბიჯი შეაჩერებს სახელმწიფო კომპანიების მიერ დიდძალი ზარალის აკუმულირებას,

 - თქვენი ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია ეროვნული ბანკის მიმართ ეხებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვების ზრდას, რისთვისაც ეროვნული ბანკი შესაბამის ნაბიჯებს დგამდა და წლის დასაწყისში რეზერვებს ყიდულობდა. ფიქრობთ თუ არა რომ რეზერვებმა ადეკვატურ ნიშნულს მიაღწია?

 - ჩვენ უნდა შევხედოთ დროში როგორ იზრდებოდა რეზერვების მოცულობა. საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებს ყიდულობდა წლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც სავალუტო შემოდინებები იყო შედარებით მაღალი. თუმცა, აგვისტოს შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკი პირიქით, ყიდის სავალუტო რეზერვებს. აგვისტოში 32 მილიონი გაყიდეს, სექტემბერში 40 მილიონი დოლარი, 20 მილიონი დოლარი კი ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად, წლიურ ჭრილში დაახლოებით $120 მილიონით არის გაზრდილი რეზერვების მოცულობა.

არის თუ არა რეზერვების ეს დონე ადეკვატური? - ამის გასაზომად სავალუტო ფონდი შეფასების სპეციალურ სკალას იყენებს. ამ შეფასებაში ჩვენ ვუყურებთ ფარავს თუ არა სავალუტო რეზერვები ქვეყნის წინაშე მდგარ მოკლევადიან ვალდებულებებს? ამ სკალაზე რეზერვების ადეკვატურ დონედ ითვლება 100-დან 150 ქულამდე მაჩვენებელი. საქართველო 100 ქულასთან საკმაოდ ახლოსაა. მგონი საქართველოს 99 ქულა აქვს ამ მხრივ, მაგრამ უფრო კომფორტულად ვიგრძნობდით თავს, ცხადია ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საბაზრო პირობებზე, სავალუტო შემოდინებებსა და სებ-ის შესაძლებლობაზე დააგროვოს რეზერვები. როგოც გითხარით, ცენტრალური ბანკი უფრო მძიმე პერიოდში რეზერვებს ხარჯავს და უფრო უკეთეს ვითარებაში რეზერვებს აგროვებდა.

 - ლარის გაუფასურება ეკონომიკისთვის დღეს ყველაზე მთავარი პრობლემაა. ბოლო 12 თვის განმავლობაში ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით დაახლოებით 10%-ით გაუფასურდა. თქვენი შეფასებით, რა გავლენა აქვს მას სახელმწიფოს და კერძო კომპანიების გადახდისუნარიანობაზე?

 - მაღალი დოლარიზაცია ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ის წარმოადგენს მოწყვლადობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. ამის გამო, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი ცდილობენ შეამცირონ ეს დამოკიდებულება. თუმცა, ამას დიდი დრო სჭირდება. სახელმწიფოს ვალდებულებების უდიდესი ნაწილი არის დოლარში ნომინირებული და გაუფასურება ზეწოლას ახდენს ქვეყნის ბიუჯეტის ბალანსზე. რაც შეეხება მოქალაქეებსა და ბიზნესებს, მათი ვალდებულებების თითქმის ნახევარი არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული და გაუფასურება მათზე ახდენს ზეწოლას და ვალების მომსახურებას ურთულებს. ჯერ-ჯერობით ლარის გაუფასურება არის ისეთ დონეზე, რომლის მომსახურებაც არის შესაძლებელი. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2019 წლის ბოლოს მთავრობის ვალის მოცულობა მშპ-სთან მიმართებით 44%-ს გაუტოლდება. ჩვენი შეფასებით, ვალის მდგრადობა არ დადგება საფრთხის ქვეშ ოდნავ უფრო დიდი გაუფასურების დროსაც. რაც შეეხება ვადაგადაცილებულ სესხებს, აქ ჩვენ ვხედავთ შედარებით მაღალ რისკს, თუმცა, ვფიქრობთ, რომ სისტემას მისი გამკლავება შეუძლია. მაგრამ, თუ გაგრძელდება გაუფასურების ტემპი, რა თქმა უნდა ეს ეკონომიკის უკლებლივ ყველა სექტორს დააწვება ტვირთად.

 - 2019 წლის მარტში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკებისთვის უცხოურ ვალუტაში სარეზერვო მოთხოვნა 5%-ით, 30%-მდე გაზარდა, ოქტომბერში კი ეს გადადაწყვეტილება და სარეზერვო მოთხოვნა 25%-მდე შეამცირა. თქვენი აზრით რამდენად თანმიმდევრულია ეროვნული ბანკი, როდესაც დროის ასე მოკლე შუალედში ჯერ ზრდის, შემდეგ კი ამცირებს განაკვეთს, რაც კომერციულ ბანკებს ასობით მილიონი უჯდებათ?

 - მოგეხსენებათ, რომ 2019 წლის მარტში ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება განსხვავდებოდა იმისგან, რაც ოქტომბერში იყო. ქვეყანაში შეინიშნებოდა მყარი სავალუტო შემოდინებები, ამის ფონზე კი საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კი შესაძლოა პროცესის შერბილების და მუხრუჭის დადებისთვის და ამასთანავე, საკუთარი მთლიანი სავალუტო რეზერვების მოცულობის გასაზრდელად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მაგრამ მას შემდეგ, რაც ლარი ზეწოლის ქვეშ მოექცა, მათ ჩათვალეს, რომ გაეზარდათ საფინანსო სექტორის ლიკვიდური აქტივების მოცულობა, რის გამოც გადაწყვეტილება შეაბრუნეს. შესაბამისად, სებ-ის ქმედებები განპირობებული იყო შეცვლილი ეკონომიკური ვითარებით.

 - საქართველოს ეროვნულ ბანკს უკანასკნელ პერიოდში აკრიტიკებენ, სხვადასხვა გადაწყვეტილებათა გამო, კრიტიკა გაისმა პარლამენტართა მხრიდანაც. თქვენ რას იტყოდით ასეთ კრიტიკასთან და ზოგადად ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან მიმართებით?

- ცენტრალურ ბანკებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრიტიკებენ. მე როგორც დასაწყისშივე ავღნიშნე, საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმშია და აკეთებს იმას, რასაც თარგეთირების რეჟიმის მქონე სხვა ცენტრალური ბანკები აკეთებენ - ანუ, ის ზრდის განაკვეთს, როდესაც ინფლაციური მოლოდინები უარესდება. რა თქმა უნდა ამას თავისმხრივ ექნება გავლენა ეკონომიკურ აქტივობაზე, მაგრამ ქმედების არქონას, წარმოიდგინეთ რომ სებ-ს არ ემოქმედა და არ გაეზარდა განაკვეთი, მაშინ თქვენ შესაძლოა გქონოდათ უფრო დიდი გაუფასურება და უფრო მაღალი ინფლაცია და თავისმხრივ უფრო დამძიმებული ვითარება მთელს ეკონომიკაში. დიახ, მოკლევადიან პერსპექტივაში ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ექნება ზრდაზე ნეგატიური ეფექტი, მაგრამ უმოქმედობას ბევრად დიდი ზიანის მიყენება შეუძლია ეკონომიკისთვის. ამ მხრივ გეტყვით, რომ ცენტრალურ ბანკებს რთული სამუშაო აქვთ შესასრულებელი და ამიტომაც რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, მათ აკრიტიკებენ. მაგრამ, კრიტიკის მიუხედავად, ცენტრალურმა ბანკებმა უნდა შეასრულონ თავიანთი მოვალეობა, რაც ინფლაციის დაბალ ნიშნულზე შენარჩუნებაში მდგომარეობს.

- ჩემი უკანასკნელი კითხვა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ საწარმოებს ეხება, რადგანაც მათ გასული წლების განმავლობაში საკმაოდ სოლიდური ზარალი აჩვენეს. როგორია თქვენი შეფასება სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებით, კონკრეტულად კი გვაინტერესებს თქვენი მოსაზრება ფისკალური სტაბილურობის შებარჩუნებაზე სახელმწიფო საწარმოების გავლენის შესახებ.

 - მოგეხსენებათ, რომ ჩვენ პროგრამაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ სახელმწიფო საწარმოების საკითხს. გრძელვადიან პერსპექტივაში სახელმწიფოს არ უნდა უნდოდეს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კომერციული სტრუქტურები ზარალზე მუშაობდნენ. ამასთანავე, სახელმწიფო საწარმოები, რომლებიც რეალურად ასრულებენ მთავრობის ფუნქციებსა და ვალდებულებებს, ისინი უნდა იყვნენ ძირითადი მთავრობის ნაწილი და არა სახელმწიფო შპს-ები.

რაც შეეხება არსებულ ზარალს, მისი მოცულობა უკანასკნელ პერიოდში არის გაზრდილი, მაგრამ ჩვენი აზრით ის არის ისეთ დონეზე, რომლის გამკლავებაც ქვეყანას შეუძლია, შესაბამისად ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული შიში ამ მიმართულებით, თუმცა მთლიანობაში საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხზე ჩვენ განხილვები გვაქვს.