მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვფიქრობთ, რომ აცრილ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ გარკვეული „პრივილეგიები“ - გამყრელიძე

6087169fd5401
თამთა ჯიჯავაძე
26.04.21 23:36
3973
ადამიანებს, რომლებიც აცრილები არიან, სხვადასხვა სტიმულები უნდა ჰქონდეთ საზოგადოებაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ის მომხრეა, რომ აცრილ ადამიანებს ჰქონდეთ გარკვეული „პრივილეგიები“.

„რამდენიმე ასეთი სტიმული საკოორდინაციო საბჭოში წარდგენილია და ეს იქნება განხილული. ჩვენ მომხრე ვართ იმისა, რომ ადამიანებს რომელთაც კოვიდ-პასპორტი ექნებათ, ჰქონდეთ შესაბამისი „პრივილეგია“, იგივე უპირატესობა. უკვე ბევრგან არის ე.წ კოვიდ-თავისუფალი სასტუმროები, რესტორნები, საავადმყოფოები. ეს სერიოზული პრივილეგიაა. იმიტომ რომ ადამიანი, როდესაც მიდის კლინიკაში და იცის რომ იქ ყველა აცრილია, იცის რომ ინფიცირების ნაკლები რისკია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან კოვიდ-პასპორტების შემოღებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავს დოკუმენტებში მხოლოდ აცრის შესახებ ინფორმაცია არ იქნება შეტანილი. 

„იქ არის სტატუსი იმის შესახებ გადაიტანე თუ არა კოვიდი, ასევე გაქვს თუ არა ბოლო 72 ან 48 საათში PCR-ტესტი გაკეთებული და ა.შ. ეს არის ინფორმაცია, რომელზედაც ჩვენი ცენტრის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახური მუშაობს. თითქმის ბოლომდე არიან გასულები და ვფიქრობთ, ათ დღეში საკოორდინაციო საბჭოს ჩვენ ამას წარვუდგენთ. ჯერ სამინისტროსთან იქნება განხილვაც, იმიტომ რომ სამინისტროს IT-ჯგუფიც მუშაობს ჩვენთან ერთდ ამ საკითხზე“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, საქართველო ესტონეთთან და ჯანდაცვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობს იმაზე, რომ ქართული კოვიდ-პასპორტები ევროკავშირში აღიარებული შესაბამისი დოკუმენტების ექვივალენტი იყოს.

ცნობისთვის, დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ მთავრობა უახლოეს პერიოდში კოვიდ-პასპორტების ამოქმედების საკითხს განიხილავს.