მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Viber-ი საქართველოში ოფისს ხსნის და პროგრამისტებს დაასაქმებს

6241b6e21d335
BM.GE
28.03.22 17:22
4120
Viber-ი, რომელიც იაპონური ტექნოლოგიური გიგანტის Rakuten-ის საკუთრებაშია, საქართველოში ოფისის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომლის მიხედვით დღეს Viber-ის მთავარი საოპერაციო მენეჯერი ოფირ ეიალი ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა და მასთან ქართული ოფისის დაფუძნების საკითხები განიხილა.

“Rakuten Viber-ი, რომელიც უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში ერთ-ერთი ლიდერია, საქართველოს ბაზარზე შემოდის და თბილისში საოპერაციო ოფისს ხსნის, რომელიც ორიენტირებული იქნება მობილური აპლიკაციების განვითარებაზე,”- წერია სამინისტროს განცხადებაში.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, თბილისში კომპანიის საოპერაციო ოფისის გახსნა კარგი შესაძლებლობაა ადგილობრივი IT ინჟინრებისთვის იმუშაონ ისეთ გლობალურ კომპანიაში, როგორიცაა, როგორიცაა Rakuten Viber-ი. გარდა ამისა, მისი თქმით, ეს ფაქტი საყურადღებო გზავნილია სხვა გლობალური ტექნოლოგიური კომპანიებისთვისაც.

“Rakuten Viber-ის თბილისის გუნდი სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებს iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე,”- წერს ეკონომიკის სამინისტრო.

Rakuten-მა მობილური საკომუნიკაციო აპლიკაცია Viber-ი 2014 წელს $900 მილიონად შეიძინა. RakutenViber-ს, იაპონური ინტერნეტსერვისების ლიდერის, RakutenGroupInc-ის ქოლგის ქვეშ მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.

კომპანიას მსოფლიოს მასშტაბით აქვს ოფისები აშშ-ში; დიდ ბრიტანეთში; საფრანგეთში; ისრაელში; ლუქსემბურგში; ბელარუსში; ბულგარეთში; სინგაპურში; უკრაინასა და სხვ.