მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიბრძოლოთ, ვიჭიდაოთ, მაგრამ შევაჯეროთ საღი აზრი - სოსო ფხაკაძე

5f0e18f3009f3
თამთა ჯიჯავაძე
15.07.20 00:38
1102
ვიბრძოლოთ, ვიჭიდაოთ, პოლემიკა გავმართოთ, ბატალიები გავმართოთ, მაგრამ შევაჯეროთ საღი აზრი, ჩვენ არასოდეს არაობიექტურ აზრს არ დავაფიქსირებთ, – ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომელზეც დეპუტატები და კომუნიკაციების სექტორის წარმომადგენლები კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, კახა ბექაურს უსმენენ.

"უბრალოდ, ბიზნესის სახელით [ვამბობ], ჩვენ ვაერთიანებთ დაახლოებით ჩვენი ქვეყნის ერთობლივი შიდა პროდუქტის 75%-ს. მემგონი ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის ნებისმიერი ქვეყნის წარმატების ქვაკუთხედი არის ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი ეკონომიკა არის ძლიერი ბიზნესი. ერთხელ და სამუდამოდ, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, იქნებ შევთანხმდეთ, რომ რეგულაცია, თუ ის ეხება ბიზნესს, ძალიან გთხოვთ გავიაროთ კარგად, ვიბრძოლოთ, ვიჭიდაოთ, პოლემიკა გავმართოთ, ბატალიები გავმართოთ, მაგრამ შევაჯეროთ საღი აზრი, ჩვენ არასოდეს არაობიექტურ აზრს არ დავაფიქსირებთ. მემგონი კარგი ტესტი გავიარეთ ამ დღეებში და რასაც ვამბობდით გულიდან მოდიოდა.. აკადემიურად, პროფესიულად გააზრებული იყო თხემიდან ტერფამდე თითოეული ჩვენი სიტყვა, რომელიც ჩვენ დააფიქსირეთ ბოლო დღეების განმავლობაში. იქნებ ეს პრაქტიკა დავნერგოთ", – განაცხადა სოსო ფკახაძემ.

შეგახსენებთ, დღევანდელი მოსმენა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებებს ეხება, რომელიც კომუნიკაციების კომისიას უფლებას აძლევს რამდენიმე დაჯარიმების შემდეგ დანიშნოს კომპანიაში სპეციალური მმართველი.

კახა ბექაურის განცხადებით, ბიზნესთან კომუნიკაციის შედეგად, კანონპროექტში გარკვეული ცვლილებები შევიდა და ეს ჩანაწერი მეორე მოსმენით წარდგენილ დოკუმენტში აისახება. ამასთან, კახა ბექაურის განცხადებით კანონი მიღების შემთხვევაში არ იქნება უკუქცევითი ძალის მქონე და შესაბამისად ის არ გავრცელდება იმ დარღვევებზე, რომლებიც წარსულში (კანონპროექტის მიღებამდე) მოხდა.