მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი: აჭარაში ტურისტული სეზონის დროს მკაცრი შეზღუდვების დაწესება არ შეგვეძლო

5fbcd62043b5d
ინგა მურუსიძე
24.11.20 13:42
576
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ მთავრობა მოქმედებდა და მოქმედებს სწორად, მათ შორის - შეზღუდვების პოლიტიკის ნაწილში.

ასე უპასუხა ვიცე-პრემიერმა მედიის კითხვას - ხომ არ დაუშვა მთავრობამ შეცდომა, როდესაც ზაფხულში აჭარაში გაზრდილი ეპიდშემთხვევების მიუხედვად, რეგიონში მკაცრი შეზღუდვები არ დაწესდა. 

"პანდემიაზე პასუხისას, ყოველთვის ვცდილობდით, რომ დაგვეცვა ბალანსი ეკონომიკასა და ეპიდემიის მართვას შორის. გაზაფხულზე, როცა სისტემური შეზღუდვები დავაწესეთ, მაშინაც კი არ გაგვიჩერებია ბევრი სფერო, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ჩვენი ეკონომიკის განვითარებაში, მაგალითად, სამშენებლო სექტორში. ამ სტრატეგიით ვმოქმედებდით პანდემიის პირველივე დღეებიდან.

ზაფხულში არ შეგვეძლო დაგვეწესებინა მკაცრი შეზღუდვები და არ მიგვეცა შესაძლებლობა შიდა ტურიზმისთვის. კარგად ვიცით ყველამ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო აჭარისთვის, გურიისთვის და სხვა რეგიონებისთვის ტურისტული სეზონი, თუმცა ძალიან დიდი ყურადღება ეთმობოდა წესების დაცვას“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

მინისტრი ამბობს, რომ სექტემბერში, როცა ქვეყანაში შემთხვევებმა იმატა და "მეორე ტალღის" მოლოდინი გაჩნდა, მთავრობამ რეგიონებში ეპიდემიის სამართავად ყველაფერი გააკეთა, რაც საჭირო იყო. „ვმოქმედებდით და ვმოქმედებთ სწორად, სამწუხაროდ, პოლიტიკურმა პროცესმა და საარჩევნო გარემომ, ის შედეგი მოგვიტანა, რომელსაც დღეს ციფრებში ვხედავთ“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.