15.ოქტომბერი .2019 12:59

ვიცე-პრემიერი ანაკლიის კონსორციუმის მიერ $120 მლნ-ის მოზიდვის შესაძლებლობას ვერ ხედავს

views 1933
უკან

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმისთვის" მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შუალედური ვალდებულებების შესრულების ვადა მიმდინარე სამუშაო დღის ბოლოს იწურება.

როგორც ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რა შედეგით დასრულდება ეს პროცესი, ამის შესახებ მთავრობა ინფორმაციას ხვალ გააჟღერებს.

მანამდე, ცქიტიშვილმა უპასუხა კითხვას, მისაღებია თუ არა ის ინვესტორები მთავრობისთვის, რომლებიც კონსორციუმმა ამერიკული "კონტი ჯგუფის" სანაცვლოდ წარუდგინეს. "კონტი ჯგუფმა" კონსორციუმის დატოვების შესახებ უკვე განაცხადა.

"რაც შეეხება ინვესტორებს, ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ უნდა განიხილოს ინვესტორები. მოგეხსენებათ, რომ ხელშეკრულების შემადგენლობაში მანამდე გვყავდა "კონტი ჯგუფი", როგორც მნიშვნელოვანი წილის მქონე ინვესტორი და შესაბამისად, "კონტი ჯგუფის" ჩანაცვლებაზეც მიმდინარეობს საუბარი, თუმცა "კონტი ჯგუფის" ჩანაცვლების გარდა, როგორც მოგეხსენებათ, 120 მლნ აშშ დოლარის ოდენობის საკუთარი კაპიტალის შევსება შეიძლება ხდებოდეს სხვა ინვესტორების შემოყვანითაც, მათ შორის.

ხელშეკრულება ითვალისწინებს იმას, რომ ყველა ინვესტორი საქართველოს მთავრობასთან უნდა იყოს შეთანხმებული, რისთვისაც ჩვენ გვაქვს ხელშეკრულების დადგენილი ვადა, რთა შევისწავლოთ ინვესტორების ფინანსური მდგომარეობა, რეპუტაცია და მათ შორის, ისიც, "კონტის" ჩანაცვლების შემთხვევაში, თავისი გამოცდილებით და ფინანსური მდგომარეობით შეესაბამებიან თუ არა სატენდერო მოთხოვნებს.

ჩვენ გვაქვს ხელშკრულებით დადგენილი ვადა. Van Oord-ის შემთხვევაში ვადა 21 ოქტომბერს იწურება,  Meridian-ის შემთხვევაში - 29 ოქტომბერს", - განაცხადა ცქიტიშვილმა.

კითხვაზე, "ამ ეტაპზე კონსორციუმის მიერ შემოთავაზებული წინადადებებით, 120 მილიონი აშშ დოლარის საკუთარი კაპიტალის შევსების შესაძლებლობა ჩანს თუ არა", ცქიტიშვილი პასუხად აღნიშნავს, რომ "არ ჩანს".

"არ ჩანს. დღეს უნდა მივიღოთ ინფორმაცია. მანამდე ჩვენ მივიღეთ კონსორციუმისგან მომართვა მხოლოდ ამ ინვესტორების დასტურის თაობაზე - იყო თუ არა ეს ინვესტორები სახელმწიფოსთვის მისაღები, თუმცა ის ვალდებულება, რაც დღეს აქვთ შესასრულებელი, გულისხმობს უკვე კონსორციუმსა და ინვესტორებს შორის ხელმოწერილ სავალდებულო შეთანხმებებს პროექტში ინვესტიციების ჩადების თაობაზე, რაც დღეს ჯერ არ მიგვიღია, თუმცა სამუშაო დღის ბოლომდე არის ვადა. ჩვენი მხრიდან ამ საკითხზე უკვე ხვალ იქნება ინფორმაცია განხორციელებული", - განაცხადა მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა