მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ ჯანდაცვის მინისტრი ახალ როლს თავს კარგად გაართმევს

61c97db1e6b82
ვიქტორია მღებრიშვილი
27.12.21 12:52
573
საქართველოს ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი დაახასიათა და აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი მრავალმხრივია და მხოლოდ სამედიცინო პროფესიის ცოდნა მნიშვნელოვანი არ არის.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ ზურაბ აზარაშვილი ამ პოზიციაზე მისი მართვის გამოცდილებიდან გამომდინარე შეირჩა.

„ჯანდაცვის მინისტრი გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია, რომელსაც როგორც კერძო სექტორში მუშაობის, ისე საჯარო სექტორში მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია. ის ბოლო პერიოდში იყო მინისტრის მოადგილე. გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ყოფილიყო კვალიფიციური ადამიანი, რომელსაც მართვის განსაკუთრებული უნარი გააჩნია. დღეს პრემიერმაც განაცხადა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი ძალიან ფართოა, ის მოიცავს დასაქმების საკითხებს - ბევრ ქვეყანაში შრომის საკითხები საერთოდ ცალკეა ხოლმე. არსებობს სოციალური, დევნილთა და ა.შ. საკითხები, ჯამში, ეს ქვეყნის ბიუჯეტის მესამედია, შესაბამისად, მას მაქსიმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა სჭირდება.

როგორც ბევრ ქვეყანაში არ არის აუცილებელი ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის იყო, აქ მნიშვნელოვანია რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება, ზუსტად ამ პრინციპით შეირჩა დღევანდელი მინისტრი და მინდა წარმატებები ვუსურვო მას; დარწმუნებული ვარ, ის ახალ როლს თავს კარგად გაართმევს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.