მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმზე: კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ახლა ნაადრევია

5e86fd6902dd1
ვიქტორია მღებრიშვილი
03.04.20 13:16
704
"კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ამ ეტაპზე იქნება ნაადრევი", - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ BM.GE-ის კითხვას - როდიდან ამუშავდება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი და ამ შემთხვევაში წყარო შეიძლება იყოს თუ არა დონორი ორგანიზაციები და რა ოდენობის თანხას უნდა ველოდოთ მათგან.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა სახელმწიფო მუშაობს როგორც ეროვნულ და კომერციულ ბანკებთან, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან.

„როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 მლრდ ლარი გამოყოფილ იქნა ჩვენი ბიუჯეტიდან, რა თქმა უნდა, ასევე დონორების მხარდაჭერით და სახელმწიფო ხარჯების გადააზრების და გადალაგების შედეგად, რომელიც მიმართული იქნება როგორც - მოქალაქეების, ასევე ბიზნესის მხარდაჭერაზე.

ამ 2 მლრდ ლარში ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის მათ შორის საკრედიტო მექანიზმის უზრუნველყოფა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. კონკრეტულ რიცხვებზე საუბარი ამ ეტაპზე იქნება ნაადრევი, ვინაიდან კონკრეტული დარგი, რომელსაც შევთავაზებთ ასეთი ტიპის სესხების საგარანტიო მხარდაჭერას ხასითდება სხვადასხვა დინამიკით, მათ აქვთ სხვადასხვა მოცულობა და შესაბამისად, მათი სასესხო ოდენობის სხვადასხვა მხარდაჭერა იქნება შესაძლებელი.

ჩვენი გზავნილი ბიზნესისთვის არის ის, რომ ჩვენ ვმუშაობთ როგორც ეროვნულ ბანკთან, ასევე კომერციულ ბანკებთან, ასევე ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის, რომ მას შემდეგ რაც ეკონომიკის გამოცოცხლება დაიწყება და ბიზნესი შეძლებს უკვე ფიქრს ახალი სესხების აღებაზე, რომელიც მიმართული იქნება ახალი ბიზნეს პროექტების წამოწყებაზე, ასეთ საბანკო სესხებს ჩვენ მთავრობა დავუდგეთ გვერდში და მივცეთ ბანკებს და ბიზნესს საშუალება, რომ მეტი დარწმუნებულობით აიღონ ბანკებიდან სესხი და ბანკებს და ბიზნესს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან გარანტია, რომ იმ შემთხვევაში თუ ამ ბიზნეს სუბიექტებს შეექმნებათ პრობლემები ახალი სესხების გადახდის ნაწილში ამ შემთხვევაში მთავრობა იქნება ამის გარანტი. კონკრეტული პროგრამები, მექანიზმები და პირობები იქნება უკვე შემდგომი მსჯელობის საგანი და დამოკიდებული იქნება იმ ბიზნეს აქტივობაზე, რომელსაც ბიზნესი გამოიჩენს.

დღეს ჩვენ ყველა საკითხზე თავს ვიკავებთ ნებისმიერი სპეკულაციისგან, ფუჭი დაპირებებისგან და არარეალური ციფრების გაჟღერებისგან“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.