23.აპრილი .2020 11:46

ვიცე-პრემიერი Washington Times-თან: ქართველმა ხალხმა გამოიჩინა მოსმენის უნარი

views 578
უკან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, COVID19-ის წინააღმდეგ წარმატებული ბრძოლის მაგალითად საერთაშორისო დონეზე უკვე არაერთხელ დასახელდა საქართველო. ამჯერად, ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა გამოცემამ, Washington Times-მა ამ საკითხზე ვიცე-პრემიერის, მაია ცქიტიშვილის ვრცელი ინტერვიუ გამოქვეყნა.

სამინისტროს ცნობით, სტატია ეთმობა COVID-19-თან ეფექტიანი ბრძოლის მეთოდებს, რომელიც საქართველომ გამოიყენა და სადაც არსებული სიტუაცია სრულიად განსხვავდება მსოფლიოს სხვა წერტილებთან შედარებით.
„ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და, ამ ურთიერთგაგების წყალობით, წარმატებით უზრუნველვყავით მზადყოფნა ვირუსზე რეაგირებისთვის,“- აცხადებს მაია ცქიტიშვილი Washington Times-თან ინტერვიუში.

კითხვაზე, თუ რით აიხსნება საქართველოში არსებული სიტუაციის განსხვავებულობა მსოფლიოს სხვა წერტილებთან შედარებით, მაია ცქიტიშვილი დაასახელა რამდენიმე მიზეზი: „ჩვენ იმთავითვე სერიოზულად მოვეკიდეთ და ვუპასუხეთ ამ გამოწვევას. პირველ რიგში, ჩვენ ძალიან ადრევე მივიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილებები. მეორე, ჩვენ ყურადღებით ვუსმენდით ჩვენი ჯანდაცვის სპეციალისტებს“. საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს „ჩვენ გულისყურით ვეკიდებოდით საკითხს და გვქონდა ძალიან მკაფიო და თანმიმდევრული მიდგომა კორონას ლოკაციებთან დაკავშირებით“. ცქიტიშვილის თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვანი უნდა იყოს ის, „რასაც ჩვენ ერთად - საქართველოს მთლიანი მოსახლეობა ვაკეთებდით“. ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ სამთავრობო რეაგირებაზე პასუხისმგებელი პირების მოქმედება დიდი გულისხმიერებით გამოირჩეოდა, ხოლო ქართველმა ხალხმა გამოიჩინა მოსმენის უნარი. „ჩვენ გვყავს ძალიან პასუხისმგებელი მოქალაქეები და, ამ ურთიერთგაგების წყალობით, წარმატებით უზრუნველვყავით მზადყოფნა ვირუსზე რეაგირებისთვის,“- ვკითხულობთ სტატიაში.

„ცხადია, ვიცე-პრემიერი ამაყობს თავისი გუნდით: „ჩვენი ეროვნული ჯანდაცვის ცენტრის ძალისხმევის წყალობით, ჩვენ უკეთ მომზადებულნი აღმოვჩნდით. ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების რეაგირება დიდი სიფრთხილით გამოირჩეოდა. ჩვენ შევძელით პრევენციული და საპასუხო ზომების დროულად მიღება, რის შედეგადაც გვაქვს ეს წარმატება,“- ვკითხულობთ Washington Times-ის სტატიაში.

გამოცემა წერს, რომ საქართველოს, რომელიც დიდად არის დამოკიდებული ტურიზმზე, COVID-19 პანდემიასთან წარმატებული ბრძოლის გამო შეიძლება კიდევ უფრო მეტად გაეზარდოს ტურისტული მომხიბვლელობა.
„თვალწარმტაც ქვეყანაში მოგზაურობის შესაძლებლობამ, რასაც ემატება ის ფაქტი, რომ აქ კორონავირუსმა თავისი უშნო თავის ამოყოფაც კი ვერ შეძლო წესიერად, უახლოეს მომავალში შეიძლება უზრუნველყოს საქართველოს ადგილი საუკეთესო დასასვენებელი ადგილების სიის თავში. ვიცე-პრემიერი მიესალმება ამ შესაძლებლობას, თუმცა აგრძელებს ყურადღების კონცენტრირებას თავისი ხალხის ჯანმრთელობის წარმატებით დაცვის გაგრძელებაზე. „ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ სტუმრების ჩამოსვლას, როცა ამისთვის შესაფერისი დრო დადგება“, - წერს გამოცემა Washington Times.

სტატია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://m.washingtontimes.com/news/2020/apr/22/coronavirus-success-story-the-nation-of-georgia/