მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი წელს 6%-ზე მაღალ ზრდას ელის: „დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციები გვაქვს"

62a74846a5513
ვიქტორია მღებრიშვილი
13.06.22 18:26
544
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საკმაოდ დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციებია, რაც კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„გვაქვს საკმაოდ დამაიმედებელი ეკონომიკური ტენდენციები, რომელიც გვაძლევს საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ ჩვენი ეკონომიკური ზრდა მინიმუმ იმ დონეზე შენარჩუნდება, როგორსაც წლის დასაწყისში სახელმწიფო გეგმავდა, თუმცა რამდენიმე ანალიტიკურმა ორგანიზაციამ განაახლა მონაცემები და კიდევ უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა არის პროგნოზირებული, ვიდრე ოფიციალურად იყო დაგეგმილი, - თქვა დავითაშვილმა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მსოფლიო ბანკის მიერ შემცირდა, ამავე ორგანიზაციამ საქართველოსთვის ეკონომიური ზრდის პროგნოზი გაზარდა, შესაბამისად, არის ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ გვქონდეს დაგეგმილზე მაღალი ეკონომიკური ზრდა.

ცნობისთვის: წელს მთავრობა 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ელის.

„რამდენიმე ფაქტორი ამყარებს და რამდენიმე კონტრიბუტორი ეყოლება ასეთ მაღალ ეკონომიკურ ზრდას - ბოლო სავაჭრო მონაცემები, რომელიც განახლდა, არის საკმაოდ პოზიტიური - ექსპორტის უპრეცედენტოდ მაღალი - 48%-იანი ზრდა დაფიქსირდა მაისის თვის განმავლობაში. ასევე მნიშვნელოვანია, რომ 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 37%-ით არის გაზრდილი და 6,913.3 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. ამრიგად, საბაზისო ეფექტი ანუ გახსნის ეფექტი, რომელიც შარშანდელ წელს იყო, წელს უკვე გადავლილია და ეს არის რეალური მონაცემები“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი შეფასებით, არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები, მათ შორის, საგარეო ვაჭრობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების ტენდენციები, რომელიც გაგრძელდა მაისშიც, ქვეყანაში საკმაოდ მაღალ ეკონომიკურ აქტივობაზე მიუთითებს.

„საქსტატის“ მიხედვით, 2022 წლის მაისში ექსპორტი 48.4%-ით გაიზარდა და 504.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. იანვარ-მაისში ექსპორტი გაზრდილია 36.2%-ით და 2,091.8 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო სავაჭრო ბრუნვა, მაისის თვეში 46.3%-ით მეტია და 1,623.7 მლნ დოლარს უტოლდება. გარდა ამისა, 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვა 6,913.3 მლნ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37%-ით მეტია.