მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, საპენსიო შენატანების შეჩერება ამ ეტაპზეც არ იგეგმება

5e8470e5b4412
ვიქტორია მღებრიშვილი
01.04.20 14:45
1104
„ამ ეტაპზე ეს ზომა არ არის გათვალისწინებული“, - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა BM.GE-ის კითხვას, რომელიც საპენსიო შენატანების განხორციელების დროებით შეჩერებას შეეხებოდა.

როგორც მაია ცქიტიშვილმა განმარტა, ხელისუფლებამ 1.2 მლრდ ლარის პაკეტი როგორც - მოქალაქეებს, ასე ბიზნესს იმისთვის შესთავაზა, რომ ბიზნესმა შეძლოს თავისი დასაქმებულების შენარჩუნება და ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები სამუშაოდაკარგული ადამიანი იყოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის რთული სათქმელია, რამდენი ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე და ამიტომ ვერ იტყვის, რა ზომებს მიიღებს სახელმწიფო მომავალში.

„ამ ეტაპზე ეს ზომა არ არის გათვალისწინებული. ჩვენ უნდა შევაფასოთ იმ ადამიანების რაოდენობა, რომელმაც შეიძლება დაკარგოს სამსახური. ნებისმიერი პროგნოზის გაკეთება ახლა ამ ეტაპზე და მცირე თუ დიდი რიცხვის დასახელება, იქნება სპეკულაციური და არ შეესაბამება რეალობას; პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით რომ 1.2 მლრდ ლარის პაკეტი შევთავაზეთ, როგორც ჩვენს მოქალაქეებს ასევე ბიზნესს და ბიზნესისთვის შეთავაზებული პაკეტი იყო მიმართული იმისკენ, რომ ბიზნესმა შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები. ვინაიდან ჩვენ ჯერ ამ საგანგებო ვითარებაში მხოლოდ 1 თვეა, რაც ვიმყოფებით, იმედი გვაქვს, რომ ბიზნესი შეძლებს და გამონახავს საკუთარ რესურსსაც, რომ არ გაუშვას სამსახურიდან მისი კვალიფიცირებული პერსონალი, ადამიანები, რომელთა ტრენინგსა თუ კვალიფიკაციის ამაღლებაში ბიზნესმაც დახარჯა საკმაოდ დიდი დრო და რესურსი.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ იმ ადამიანების რაოდენობას და არ შეგვიძლია შევაფასოთ თუ რამდენმა ადამიანმა დაკარგა სამსახური, შესაბამისად, ჯერ დანამდვილებით ვერ ვიტყვით თუ რა ზომების მიღება, თუ რა რაოდენობის თანხა იქნება საჭირო იმისთვის, რომ ჩვენ დავაკმაყოფილოთ ამ ადამიანების საბაზისო, მინიმალური საჭიროებები, რომელიც შესაძლოა ამ ადამიანებს დასჭირდეთ და რომლის რესურსი ჰქონდეს დღეს.

სწორედ ამიტომ, დღეს საზოგადოებას ვთავაზობთ, დამატებით ფიზიკური პირებისთვის საბანკო და მისო-ებში არსებული მათი სესხების გადავადების 3 თვიანი პერიოდს, ასევე, კომუნალური გადასახადების დაფარვას სამი თვის განმავლობაში. ეს დროებითი ზომა მათ შეუმსუბუქებს  ხარჯებს“, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.