30.სექტემბერი .2019 18:40

ვიცე–მერი: ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება, შემდგომი ეტაპებიც იქნება

views 286
უკან

"ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა", - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც პირველი ოქტომბრიდან ტაქსების რეფორმის მეორე ეტაპის ამოქმედების შესახებ ისაუბრა.

ვიცე-მერი ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ტაქსების რეფორმა ჩავარდა და ეს ინიციატივა მხოლოდ ბიუჯეტში დამატებითი თანხების მობილიზებისთვის იყო დაყენებული.

"არ მგონია, ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით, ოპოზიციას ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, რადგან ეს ცოცხალი პროცესია. ინფორმაცია ყოველდღიურად ახლდება. ეს მონაცემები ჩემთან გროვდება და იგი არ გამიცია, მით უფრო, ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის. აქედან გამომდინარე, რთულად დასაჯერებელია, რომ მათ რაიმე რეალური მონაცემი ჰქონდეთ და მასზე დაყრდნობით, სწორ განცხადებებს აკეთებდნენ", - განაცხადა ხმალაძემ.

თბილისის ვიცე-მერმა ტაქსების რეფორმასთან დაკავშირებით რამდენიმე მონაცემზე გაამახვილა ყურადღება. კერძოდ, მისი თქმით, დაახლოებით, 26 ათასი ლიცენზირებული სატრანსპორტო საშუალებიდან სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით, 70%-მა გაირა. შესაბამისად, მინიმალურ ტექნიკურ სტანდარტებს 30% ვერ აკმაყოფილებს, რაც მნიშვნელოვანი ციფრია.

"აღნიშნული 70%-ის ნახევარზე მეტმა კატეგორიზაცია მოახდინა მათი 24% A კატეგორიაში მოექცა, ხოლო ნაწილის კატეგორიზაციის პროცესი კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხვალ პირველი ოქტომბერია და ეს პირები შემდგომი დღეების განმავლობაში აპირებენ ნებართვების აღებას. ასე მოხდა გასულ წელსაც, როდესაც ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრიდან დაიწყო. ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ", - განაცხადა ხმალაძემ.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა