მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე–პრემიერი: NDI-ს ქართველი პარტნიორები, რეალურ მასშტაბებს ყოველთვის სწორად არ ასახავენ

5d833fc42c556
ლიკა გურაბანიძე
19.09.19 12:57
939
"ჩვენი ძირითადი გამოწვევა და ჩვენი ყოველდღიური საქმიანობაც სწორედ აქეთ არის მიმართული, რომ ეს გამოწვევები გადავლახოთ. არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მთავრობის მუშაობა არის უარყოფითი", - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა NDI-ის კვლევის შედეგებზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხულთა 60% მთავრობის საქმიანობას ცუდად აფასებს.

როგორც მინისტრი განმარტავს, NDI-ს ქართველი პარტნიორების მიერ ჩატარებული კვლევები ყოველთვის რეალობას არ ასახავს.

"ზოგადად რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიც არის NDI და სხვა ასეთი ავტორიტეტული ინსტიტუციები, თუმცა ასევე წლების განმავლობაში ჩვენ იმის შესაძლებლობა გვქონდა, გვენახა, რომ სამწუხაროდ მათი ქართველი პარტნიორები, რომლებიც გამოკვლევას აკეთებენ, იმ რეალურ მასშტაბებს ყოველთვის სწორად არ ასახავენ, რომელიც არის ადგილზე.

ნება მიბოძეთ ამ შეფასებას ასეთი სახით სრულად არ დავეთანხმო. რა თქმა უნდა, ჩვენ მთავრობის მხრიდანაც არა ერთხელ აღვნიშნავთ, რომ NDI-ს კვლევებში ისეთი პრობლემები, რომლებიც პრობლემების პირველ ხუთეულში ხვდება, როგორიც არის დასაქმება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და მოსახლეობის შემოსავლები, ეს არის ის პრობლემები, რომელსაც საქართველოს მთავრობა თავად აყენებს", - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

ამასთან, მინისტრის განცხადებით, მთავრობის მიმართ მოსახლეობის მოთხოვნები იზრდება.

"ჩვენ პირველ რიგში, ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ თავს მეტს ვთხოვთ. ვიცით, რომ მოსახლეობის მოთხოვნები მთავრობის მიმართ იზრდება და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ვუწყობთ ხელს იმას, რომ მოსახლეობა უფრო მეტს სთხოვს ხელისუფლებას", - განაცხადა ცქიტიშვილმა.