მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიდეოკამერები დარღვევაზე ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არ რეაგირებს – GTRA

5f352242328c4
BM.GE
13.08.20 16:00
1524
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში ვიდეოკამერები დარღვევაზე არ რეაგირებს, – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია (GTRA). 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად გავრცელებული ინფორმაცია, რომ საქართველოს სხვადასხვა რაიონსა თუ ქალაქში გზებზე განთავსებული ე.წ. „ჭკვიანი კამერები“ გათიშულია და არ ფუნქციონირებს, უკვე მეორედ, რეალურ ვითარებაში გადაამოწმა საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციამ. ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად, დაკვირვება მოხდა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბორჯომი, ახალქალაქი, ქარელი, კასპი, ყვარელი, ახალციხე, სამტრედია, მცხეთა.

"შესწავლის მეთოდოლოგია: ვიდეოკამერასთან გაიარა იმ სატრანსპორტო საშუალებამ, რომელსაც პერიოდული ტექ-ინსპექტირების გავლის ვადა უკვე ამოწურული (გადაცილებული) ჰქონდა და კანონით მათზე უნდა გატარებულიყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე მუხლით გათვალისწინებული სანქცია. არცერთ შემთხვევაში, არცერთ მუნიციპალიტეტში კამერების მიერ დარღვევაზე რეაგირება არ მომხდარა, რითაც გავრცელებული ინფორმაცია ვიდეოკამერების გამორთვისა ან/და გაუმართაობის შესახებ დადასტურდა. აღნიშნულს, საუბარში ადასტურებენ იმ რაიონის მცხოვრებლები და მძღოლებიც. დიდი ალბათობით ვიდეოკამერების მიერ არ ხდება სრულფასოვანი რეაგირება საგზაო მოძრაობის წესების სხვა დარღვევებზეც, მაგრამ ასოციაციის მიერ გადამოწმდა მხოლოდ ერთი პარამეტრი-ავტოსატრანსპორტო საშუალება რომელსაც არ გაუვლია ტექ-ინსპექტირება. კანონის არაღსრულება ტექ-ინსპექტირების რეფორმასაც უქმნის საფრთხეს, შედეგად ბოლო პერიოდში ინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მიმართვიანობა იკლებს შეუქცევადად", – წერია განცხადებაში.

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის განცხადებით, საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ამ შემთხვევებში დასახიჩრებულ/დაღუპულ მოქალაქეთა რაოდენობა საგანგაშოა და ეს მაჩვენებელი თითქმის ყველაზე უარესია ევროპის მასშტაბით.

"მიუხედავად კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვებისა, 2020 წლის 6 თვეში დაიღუპა 203, ხოლო დაშავდა 3 000-მდე ადამიანი. განსაკუთრებით საგანგაშოა ვიდეოკამერების გაუმართაობა ტურისტულ ზონებში, იქ სადაც საგზაო მოძრაობა ინტენსიურია (მაგალითად ქობულეთი, ბორჯომი, სამტრედია). ჩვენ მხარს ვუჭერთ „ჭკვიანი კამერების“ პროგრამის დანერგვას და მიგვაჩნია რომ საგზაო უსაფრთხოების სტანდარტების ასამაღლებლად ეს მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ვიდეოკამერების შეფერხებით მუშაობა და პროგრამულად გათიშვა შემაშფოთებელ ფაქტად რჩება. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებისკენ", – აღნიშნულია განცხადებაში.