მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმედოვნებთ, BAG ინდექსის 2022 წლის II კვარტლის პოზიტიური დინამიკა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება“

62c2f93e2ceef
BM.GE
04.07.22 18:49
608
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ მიღებული შედეგი ხაზს უსვამს არა მხოლოდ პანდემიის შემდგომი ეკონომიკური აღდგენის პროცესის წარმატებით დასრულებას, არამედ იმასაც, რომ მოხერხდა ბიზნეს ოპერატორების გეოპოლიტიკურ სირთულეებსა და უკრაინის ომით მიღებულ ნეგატიურ შედეგებთან დროული ადაპტირება.

„შესაბამისად, კვლევის ზოგიერთმა მაჩვენებელმა თავის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და შემდეგი ორი კვარტლის პოზიტიურ განწყობებზეც აისახა. კერძოდ, აღსანიშნავია კვლევის ის ნაწილი, რომელიც დასაქმების ბარომეტრსა და ბიზნესისთვის ხელისშემშლელ გარემოებებს ეხება: დასაქმების ბარომეტრის შემთხვევაში 2019 წლის მეოთხე კვარტლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რაც მიუთითებს კომპანიების საინვესტიციო აქტივობისა და ახალი პროექტების განხორციელების ტენდენციაზე.

ამასთან, მკაფიოდ იკვეთება კვალიფიციური კადრების დეფიციტი და სამუშაო ძალის საჭიროება და ეს იმ ფონზე, როცა ბიზნესი დასაქმების მიმართულებით აქტიურ ზრდასა და გაფართოებას გეგმავს.

ბიზნესის აქტიურობის ზრდის აღნიშნული ტენდენცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ვინაიდან ახალი სამუშაო ადგილები ქმნის ახალ შესაძლებლობებს და ჩვენი მოქალაქეების დასაქმების მეტ პერსპექტივას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მიუხედავად, ძალიან მაღალია ბიზნეს კლიმატის ის კომპონენტი, რომელიც მომავალი 6 თვის მიმართ პოზიტიურ განწყობებს ასახავს, ვინაიდან ბიზნესის ოპტიმისტური მოლოდინი, თავის მხრივ, დამატებით ასტიმულირებს ბიზნეს ოპერატორების საინვესტიციო აქტივობებს და წარმოადგენს იმ არხს, რომელიც აძლიერებს მიმდინარე პოზიტიურ ტრენდს. ბიზნესის მიერ ქვეყანაში შექმნილი დამატებითი ღირებულება კი ქმნის დამატებით საბიუჯეტო შემოსავლებს საჭიროების მქონე ჩვენი მოქალაქეების სოციალური უზრუნველყოფისა სხვა მიზნებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ BAG ინდექსის 2022 წლის მიმდინარე კვარტლის შედეგები სრულ თანხვედრაშია ექსპერტებისა და ცალკეული ინსტიტუტების მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზებთან. ასევე ცალსახაა, რომ ხდება ეკონომიკის ორნიშნა ზრდის ტრანსლირება ბიზნესის გააქტიურებისა და ბიზნეს ოპერატორების პოზიტიურ მოლოდინებში.

ვიმედოვნებთ, რომ ზემოხსენებული პოზიტიური დინამიკა საშუალოვადიან პერსპექტივაშიც შენარჩუნდება, რაც მეტად მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე მასში დასაქმებული ადამიანებისა და, მთლიანად, ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისთვის“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

®