მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიმედოვნებთ, რომ კვერცხი მეტად არ გაძვირდება“ – „კუმისის“ დამფუძნებელი

6319a108f322a
ვიქტორია მღებრიშვილი
10.09.22 15:30
871
კვერცხის მწარმოებელი კომპანია „კუმისის“ დამფუძნებელი ზურაბ უჩუმბეგაშვილი აცხადებს, რომ წლის განმავლობაში კომპანიას კვერცხის ფასის გაზრდა ორჯერ მოუწია, რაც გაზრდილი ხარჯებიდან გამომდინარეობდა. ამან კი თავის მხრივ მოხმარება შეამცირა.

BM.GE-სთან საუბრისას უჩუმბეგაშვილი იმ ფაქტორებს განმარტავს, რომელთა გამოც საწარმოო ხარჯი 30%-ზე მეტად გაეზარდათ.

„სატრანზიტო გადაზიდვები გაძვირებულია, ამასთან ტრანსპორტირების ვადებიც გაზრდილია, რის გამოც მუშის ანაზღაურებიდან გამომდინარე ყველაფერი გაძვირდა. მეფრინველეობის დარგი დიდწილად რუსეთზეა დამოკიდებული, რამეთუ წარმოებისთვის საჭირო საკვები ხორბალი იქნება ეს თუ სიმინდი, სწორედ იქიდან შემოდის. იქ არსებული მდგომარეობის გამო კი, ეს პროდუქტები მნიშვნელოვნად გაძვირებულია.

გასული 2020-2021 წლების განმავლობაში კვერცხის ფასი იზრდებოდა, რადგან კვერცხის წარმოების თვითღირებულებაში საკვებს 70% უკავია. ომის დაწყების შემდეგ საკვების უკრაინიდან შემოტანა ფაქტობრივად შეჩერდა და სრულად რუსეთიდან შემოტანა გვიწევს. ამასთან გაიზარდა საწვავის ფასი, ქვეყნის შიგნით გაგვიძვირდა ელექტროენერგიის და გაზის გადასახადიც, ამას გაზრდილი მუშახელის ხარჯიც ემატება. რა თქმა უნდა, ამ ფაქტორებმა წარმოების ხარჯები 30%-ზე მეტად გაზარდა, რამაც თავის მხრივ კვერცხის ფასზე იქონია გავლენა და გასულ წელთან შედარებით წარმოებული პროდუქტის ღირებულება 17-18%-ით გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საწარმოს მოგება შემცირდა“, - განმარტავს უჩუმბეგაშვილი.

„კუმისის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ პროდუქტის გაძვირებამ მოხმარება შეამცირა. ამიტომ საწარმო თავის სრულ რესურსზე 20-22%-ით ნაკლები სიმძლავრით მუშაობს.

„პროდუქტის გაძვირებასთან ერთად მომხმარებლის მსყიდველუნარიანობამ იკლო, თუ ადრე 10 ცალიან შეფუთვებს ყიდულობდნენ, ახლა იმ ფასად 6-ცალიანს იძენენ. ამის გამო დღეს საწარმო სრული დატვირთვით არ მუშაობს. ზაფხულის პერიოდში ჩვენ სრულ წარმადობაზე 20-22%-ით ნაკლები სიმძლავრით ვმუშაობდით. დღიურად კი 270 ათას ცალ კვერცხამდე შეგვიძლია ვაწარმოოთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

ზურაბ უჩუმბეგაშვილს კვერცხის ფასთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ მეტნაკლებად დასტაბილურებული ეროვნული ვალუტისა და საწვავის ფასის შემცირების გამო, მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ კვერცხის გაძვირება მეტად აღარ მოუწევთ.