მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლა უახლოეს მომავალში აღდგება - ლავროვი

5e9ecbce41db0
ვიქტორია მღებრიშვილი
21.04.20 14:35
2613
რუსეთი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლას აღადგენს. ამის შესახებ დღეს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრამ სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც რუსული გამოცემა https://tass.ru/  იუწყება, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი მზად არის, თბილისთან ერთად განიხილოს სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნა, თუ ამ შინაარსის წინადადებას საქართველო წამოაყენებს.

„სამწუხაროდ, ამ დროისთვის საჰაერო მიმოსვლა შეჩერებულია. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენ შევძლებთ ამ პრობლემის მოგვარებას“, - განაცხადა ლავროვმა.

„ჩვენთვის მთავარია, რომ თბილისში არ გაღრმავდეს რუსოფობია. იმ ექსცესებმა, რომლებიც საერთაშორისო მართლმადიდებლური ასამბლეის ჩატარებისას მოხდა, რა თქმა უნდა, სერიოზულად დაგვაფიქრა რუსების უსაფრთხოების საკითებზე, თუმცა შემდგომში ქართული მხარე ირწმუნებოდა, რომ რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იქნებოდა; ჯამში, ჩვენ აღმოვჩნდით ასეთ მდგომარეობაში, რომ ავიამიმოსვლა გაჩერებულია“, - დასძინა სერგეი ლავროვმა.

რაც შეეხება სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი საქართველოსთან ერთად განიხილავს სავაჭრო წარმომადგენლობების გახსნას, თუ ამის წინანდადებას ქართული მხარე წარმოადგენს.

„მზად ვიქნებით, აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები, რამეთუ მათი გაწყვეტის ინიციატორები ჩვენ არ ვყოფილვართ. ალბათ, უნდა დაველოდოთ, ჩვენი ქართველი კოლეგები როდის შეეხებიან ამ საკითხს. სავაჭრო წარმომადგენლობები, ასევე, იმედოვნებენ, რომ გარკვეული რაოდენობის შეთანხმებები შედგება. არ ვფიქრობ, რომ ეს მკვეთრ უპირატესობებს მოგვცემს, მაგრამ თუ ასეთ შეთავაზებას გაგვიკეთებენ, ჩვენ განვიხილავთ ამის შესაძლებლობას“, - განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში რუსეთის საელჩოს ფუნქციონირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ორ ქვეყნის მოქალაქეებისთვის სასიკეთოდ აუცილებელია, რომ საელჩო სრულყოფილად ფუნქციონირებდეს.

„თუ იქნება სრულყოფილი საელჩო, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების და კულტურული კავშირების ოპერატიული განხორციელებისთვის, ეს უფრო ეფექტური იქნება“, - აღნიშნა მან.

ცნობისთვის, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე რუსეთმა საქართველოს ავიაემბარგო დაუწესა.  რაც შეეხება საელჩოს ფუნქციონირებას, 2008 წლის 2 სექტემბრიდან საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა.