მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან კოვიდ-ვაქცინის შემქმნელები

5fad6befbad06
თათია კაკიაშვილი
13.11.20 00:12
1543
ორმა მეცნიერმა, უღურ შაჰინმა და ოზლემ თურეჯიმ სიცოცხლე ონკოლოგიისა და ინფექციური დაავადებების დარგს მიუძღვნეს. ისინი წლების განმავლობაში კიბოს მკურნალობის პერსონალურ იმუნოთერაპიაზე მუშაობდნენ.

კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ცოლ-ქმრის ინოვაციურმა კვლევამ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო - 9 ნოემბერს გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90 პროცენტია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს.

ამჟამად უღურ შაჰინი გერმანიაში, ქალაქ მაინცში ცხოვრობს, 55 წლისაა და BioNtech-ის ოფისში ყოველ დილას ველოსიპედით დადის. „ფორბსის“ ცნობით, მისი ქონება 2,1 მილიარდს აღწევს და იგი მილიარდერი გერმანელების ასეულშია. გასულ კვირას, მათი კომპანიის საბაზრო ღირებულება 25,72 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც შარშანდელთან, ანუ 4,6 მილიარდ დოლართან შედარებით, დიდი ნახტომია.

შაჰინმა და მისმა მეუღლემ BioNTech-ი მაინცში 2008 წელს დააარსეს. მათი ინვესტორები გერმანელი მილიარდერი ძმები გახდნენ. მანამდე კი ძმებმა შტრუნგმანებმა 2001 წელს შაჰინის კიდევ ერთ კომპანია Ganymed Pharmaceuticals-ში ჩადეს ინვესტიცია, რომელიც 2016 წელს $460 მილიონად Astellas Pharmaceuticals-ს მიჰყიდეს.

წელს BioNTech-მა გააფორმა ხელშეკრულება ამერიკულ ფარმაცევტულ გიგანტთან, Prifzer-თან SARS-Cov-2-ის ვაქცინის შესამუშავებლად.

ამერიკული კომპანია დათანხმდა, 1 მილიარდი დოლარით დაეფინანსებინა პირველი ხარჯები ვაქცინის შექმნისა და პირველადი წარმოებისთვის. „ფორბსის“ ცნობით, ავანსის სახით BioNTech-მა 185 მილიონი დოლარი მიიღო. მაშინ, როცა საზღვრები და ავიამიმოსვლა შეჩერებული იყო, საჭირო მასალა გერმანიიდან აშშ-ში Prifzer-ის ხელმძღვანელების კერძო თვითმფრინავით გადაჰქონდათ.

წყვილმა კორონავირუსით ინფიცირების საწინააღმდეგო ვაქცინისთვის მათ მიერ აქამდე აუთვისებელ ტექნოლოგიას მიმართა ვაქცინირებულ ადამიანებში იმუნური რეაგირების დასადგენად და ამ სიახლით მსოფლიო დააიმედა, რომ მალე კოვიდ-19-ის თავიდან არიდებას ვაქცინით შევძლებთ, ხოლო Pfizer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალბერტ ბურლამ ვაქცინას ბოლო 100 წლის განმავლობაში "უდიდესი სამედიცინო მიღწევა" უწოდა.

წყვილს სჯერა, რომ BioNTech/Pfizer-ის ვაქცინა არ იქნება ერთადერთი Covid-19-ის წინააღმდეგ. საგულისხმოა, რომ ვაქცინის მე-3 ეტაპის კვლევები ამ დრომდე გრძელდება.

შაჰინი თურქეთის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე დაიბადა. ოთხი წლის ასაკში კი საცხოვრებლად გადავიდა კიოლნში, გერმანიაში, სადაც მამა "ფორდის" ადგილობრივ ქარხანაში მუშაობდა. მოგვიანებით გაიცნო თურეჯი, თურქი ექიმის ქალიშვილი, როდესაც წყვილი აკადემიურ კარიერას იწყებდა. თავიდან, შაჰინი და თურეჯი მხოლოდ თანამშრომლობდნენ და კიბოს კვლევით საქმიანობაში იყვნენ ჩართული.

ჩინეთის ქალაქ ვუჰანში წარმოშობილი კორონავირუსის შესახებ სამეცნიერო ნაშრომის წაკითხვის შემდეგ, შაჰინი ვაქცინის შექმნით დაინტერესდა და BioNTech-მა 500 თანამშრომელს პროექტზე მუშაობა დაავალა.
შაჰინმა თქვა, რომ BioNTech–ის მიზანი Pfizer–თან თანამშრომლობით არის ვაქცინის წარმოების გაზრდა და იმედოვნებს, რომ 2021 წლის ბოლოსთვის ვაქცინის 1.3 მილიარდ დოზას მიიღებენ, თუ ის ავტორიზაციას მოიპოვებს.