მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან ვირტუალური ოპერატორები და რას შეცვლიან ისინი მობილურ ბაზარზე?

5f15b4d95ff1c
სალომე მეცხვარიშვილი
20.07.20 22:22
3235
2021 წლიდან საქართველოში ვირტუალური ოპერატორები გაჩნდებიან. ესენი არიან კომპანიები, რომლებსაც საკუთარი ინფრასტრუქტურა არ გააჩნიათ, მაგრამ მობილურ ბაზარზე შემოდიან და ისეთივე მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებელს, როგორსაც სხვა უკვე კარგად ცნობილი მობილური ოპერატორები. სერვისის მისაწოდებლად კი ვირტუალური ოპერატორები მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე კომპანიების ინფრასტრუქტურას იყენებენ, როგორიცაა “მაგთი”, “სილქნეტი” და “ვიონი” - ამის ვალდებულება კი მათ კომუნიკაციების კომისიამ დააკისრა.

“მობილური კომუნიკაციების კომპანიებმა ვირტუალური ოპერატორები უნდა დაუშვან თავიანთ ქსელზე. ანუ ჩვეულებრივი შპს-ს გაკეთება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს და თუ უნდა საკომუნიკაციო ბიზნესში შევიდეს, უკვე აღარ იქნება ბარიერები, მას აღარ დასჭირდება ლიცენზია, აღარ დასჭირდება დიდი ინვესტიციები ქსელში”, - აცხადებს კახა ბექაური.

“მაგთიკომს” რომ ეს გადაწყვეტილება არ მოსწონს, მის ხელმძღვანელობას არ დაუმალავს. გია ჯოხთაბერიძემ ამაზე 10 ივლისს პარლამენტში “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების ხმაურიან განხილვაზე ისაუბრა. დეტალები და ბიზნესის არგუმენტები უცნობია. ერთი მხრივ, უმსხვილეს მობილურ ოპერატორებს კონკურენტები უჩნდებათ - მათ უნდა დაუშვან სხვა კომპანია საკუთარ ქსელზე, რომლის განვითარებისთვისაც საკმაოდ დიდი თანხები აქვთ დახარჯული. მეორე მხრივ, კი კომპანიებს არ მოსწონთ, რომ კომისიის მხრიდან ამ ყველაფერს ვალდებულების ფორმა აქვს.

სხვა მობილური ოპერატორები ამ დროისთვის დუმილს ამჯობინებენ. რა იცვლება მომხმარებლისთვის ვირტუალური ოპერატორების შემოსვლით? პირველ რიგში ჩნდება ალტერნატივა, რომ მცირე ბაზრის პირობებში მომხმარებელმა მისთვის უფრო ხელსაყრელი სერვისი აარჩიოს. გაზრდილი კონკურენციის პირობებში მომხმარებელი იგებს - ასეთია კომუნიკაციების კომისიისა და “მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის” შეფასება დაგეგმილ რეფორმაზე.

“ამ შემთხვევაში გვაქვს არჩევანის თავისუფლება - ავირჩიოთ ჩვენთვის მისაღები სერვისი. მე, როგორც მომხმარებელს, კალათში შემოთავაზებული მაქვს 4 სერვისი ერთად. ამ შემთხვევაში კი მაქვს იმის საშუალება, რომ არ ვიყიდო ოთხივე სერვისი აქ და ის ერთი სერვისი ავიღო უფრო საინტერესო ოპერატორისგან, ეს არის ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, ძალაუფლების მონიჭება. მობილური ქსელის შემთხვევაში პორტაბელობის (ნომრის პორტირება ქსელიდან ქსელში მისი შეცვლის გარეშე) შემდეგ, ასეთი კარგი რეგულაცია არ გვქონია”,- აცხადებს “მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორების ასოციაციის” ხელმძღვანელი უჩა სეთური.

“სითი ტელეკომი” საქართველოში მოქმედი ოპერატორია. ისინი მომხმარებელს სხვადასხვა სახის მომსახურებს სთავაზობენ, მათ შორის საერთაშორისო სიმბარათებს და ქვეყანაში მოქმედ მობილურ ოპერატორებს როუმინგულ მომსახურებაში კონკურენციას უწევენ. მსხვილი ოპერატორების დავალდებულებას, რომ ვირტუალური ოპერატორები ქსელზე დაუშვან, კომპანიის ხელმძღვანელი ბაზრის ლიბერზალიზაციისთვის აუცილებლად მიიჩნევს.

“თუ რეგულაცია მივიღეთ რეგულაციისთვის და ის არ შესრულდა, მაშინ ეს არაფრის მომტანი იქნება. მნიშვნელოვანია, რა პირობებით დაგვიშვებს მობილური ოპერატორი თავის ინფრასტრუქტურაზე. უნდა იყოს ისეთი რეგულაცია, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ბაზარზე შესვლა და მუშაობა, კონკურენტუნარიან პირობებში...მნიშვნელოვანია, როგორი იქნება ტარიფიკაციის მექანიზმი”,- ამბობს “სითი ტელეკომის” დირექტორი ნუგზარ ადეიშვილი და აღნიშნავს, რომ თუ ბაზარი რეალურად გაიხსნება, აქტიურად აპირებენ მუშაობას.

ვირტუალური მობილური ოპერატორები საქართველოში ოპერირებას 2021 წლის თებერვლიდან შეძლებენ. მანამდე კი ტრადიციულ მობილურ კომპანიებს მოსამზადებლად დრო აქვთ, რომ შეიმუშაონ პირობები ქსელზე ახალი ოპერატორების დაშვებისთვის. აღსანიშნავია, რომ დღეს საქართველოში 4 მილიონ 800 ათასამდე მობილური აბონენტია და ისინი სრულად 3 კომპანიაზე ნაწილდებიან.