მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის 6 პირი, ვისაც კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობა სურს

5e46369ecc7e8
ინგა მურუსიძე
14.02.20 10:24
1176
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის სურვილი ექვსმა პირმა გამოთქვა.

შესაბამისი განცხადებები მთავრობის ადმინისტრაციაში, საკონკურსო ვადების დაცვით ზაურ ოტიაშვილმა, თამარ ჭელიძემ, თემურ ძაგნიძემ, ნინო ქუბინიძემ, ვახტანგ აბაშიძემ და სერგო შავგულიძემ წარადგინეს.

მათივე ცნობით, კანონმდებლობის შესაბამისად, კანდიდატთა სია და მათ მიერ წარდგენილი საკონკურსო დოკუმენტები საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ცნობისთვის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ვადა ეწურება 2020 წლის 16 აპრილს და „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 100 დღით ადრე საქართველოს მთავრობა იღებს განკარგულებას ღია კონკურსის ჩატარების შესახებ.

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 8 იანვრის #1 განკარგულების თანახმად, 2020 წლის 8 იანვრიდან გამოცხადდა ღია კონკურსი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრის ერთი ვაკანტური თანამდებობის დაკავების მიზნით.

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატი უნდა იყოს საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი, რომელსაც აქვს ეკონომიკის, საჯარო ადმინისტრირების, ბიზნესადმინისტრირების, სამართლის, ელექტრონული კომუნიკაციების ან ჟურნალისტიკის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და არანაკლებ 10 წლის მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 3 წლისა - მმართველ თანამდებობაზე.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მეორედ გამოცხადდა. პირველ ჯერზე, გასული წლის ნოემბერში გამოცხადებულ კონკურსში ოთხ კანდიდატთან ერთად ყოფილი დეპუტტატი, ზაქარია ქუცნაშვილი მონაწილეობდა, თუმცა, მისმა კანდიდატურამ საზოგადოების გარკვეულ წრეებში პროტესტი გამოიწვია. მთავრობამ აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნაზე ქუცნაშვილს უარი უთხრა.

ზაქარია ქუცნაშვილი გარდაბნის თბოსადგურის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.