03.სექტემბერი .2020 00:19

ვინ არის აზიის უმდიდრესი 10 ადამიანი

views 3537
უკან

Business Insider-ი აზიის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგს აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, Bloomberg-ის და Forbes-ის რეიტინგების მიხედვით, აზიის უმდიდრესი 15 ადამიანის ქონება ჯამში $500 მილიარდზე მეტია.

მათი დიდი ნაწილი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობს, მაგალითად Alibaba-ს დამფუძნებელი ჯეკ მა. თუმცა, ასევე არიან ისეთებიც, რომელთაც ქონება ოჯახებისგან მემკვიდრეობით ერგოთ, მაგალითად აზიის უმდიდრესი ადამიანი მაკეშ ამბანი.

გთავაზობთ 10 ყველაზე მდიდარ ადამიანს აზიაში:

მაკეშ ამბანი
ქონება: $81.5 მლრდ
ასაკი: 63
ქვეყანა: ინდოეთი
სფერო: ენერგეტიკა

მაკეშ ამბანი უმდიდრესი ადამიანია ინდოეთში, ხოლო დედამიწაზე რიგით მერვე ყველაზე დიდი ქონების მეპატრონე. ის კომპანია Reliance Industries-ის თავმჯდომარეა, რომელიც მან მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. აღნიშნული კომპანია ნავთობის და გაზის სფეროში მუშაობს. ამბანი კომპანიის წილის 42%-ს ფლობს.

ამბანის ასევე დაარსებული აქვს 4G სატელეფონო სერვისის კომპანია Jio. ის ასევე ფლობს კრიკეტის გუნდს და $400 მილიონის ღირებულების ქონებას.

ჯეკ მა
ქონება: $58.7 მლრდ
ასაკი: 55
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: ტექნოლოგიები

ჯეკ მა ჩინეთის უმდიდრესი ადამიანია. მისი დაარსებულია ქვეყნის უმსხვილესი ელექტრონული კომერციის კომპანია Alibaba. ჯეკ მა კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი იყო 2019 წლამდე. ის ასევე ფლობს წილებს ორ ჩინურ კომპანიაში.

ჯეკ მა ინგლისური ენის ყოფილი მასწავლებელია. ის ცნობილია ქველმოქმედებით.

პონი მა ჰუატენი
ქონება: $54.2 მლრდ
ასაკი: 48
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: ტექნოლოგიები

პონი მა, რომელიც ცნობილია ასევე როგორც მა ჰუატენი, Tencent Holdings-ის აღმასრულებელი ხელმძღვანელია. აღნიშნულ კომპანიას ეკუთვნის აპლიკაცია WeChat-ი, რომელსაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.

კოლინ ჰუანგი
ქონება: $31.4 მლრდ
ასაკი: 40
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: ტექნოლოგიები

კოლინ ჰუანგი ჩინეთში ელკომერციის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის Pinduoduo-ს დამფუძნებელი და ხელმძღვანელია. პლატფორმას 628 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. კომპანიამ 2019 წელს $4.2 მილიარდზე მეტი შემოსავალი მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მანამ ვიდრე კოლინი აღნიშნულ კომპანიას დააარსებდა, ის Microsoft-სა და Google-ში მუშაობდა.

უილიამ დინგი
ქონება: $30.2 მლრდ
ასაკი: 49
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: ტექნოლოგიები

უილიამ დინგი პეკინში დაფუძნებული ინტერნეტ პროვაიდერის NetEase-ის ხელმძღვანელია. მისი ბიზნესი გართობის სფეროსაც უკავშირდება.

ტადაში იანაი
ქონება: $30.1 მლრდ
ასაკი: 71
ქვეყანა: იაპონია
სფერო: რითეილი

ტადაში იანაი იაპონიის უმდიდრესი ადამიანია, ის Uniqlo-ს დედაკომპანია Fast Retailing-ს ხელმძღვანელობს. აღნიშნულ კომპანიას 1000-ზე მეტი მაღაზია აქვს.

იანაი ასევე ფლობს ჰავაიში გოლფის კურსებს.

ლი კა-შინგი
ქონება: $28.9 მლრდ
ასაკი: 92
ქვეყანა: ჰონგ-კონგი
სფერო: უძრავი ქონება

ლი კა-შინგი უმდიდრესი ადამიანია ჰონგ-კონგში. მისი დაფუძნებულია CK Hutchison Holdings-ი. ის ასევე ფლობს საინვესტიციო ჰოლდინგურ კომპანიას CK Asset Holdings-ი.

ლი 2018 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა კომპანიებს, შემდეგ კი მისმა ვაჟმა ვიქტორმა გადაიბარა მმართველობა.

იანგ ჰუიანი
ქონება: $28.6 მლრდ
ასაკი: 38
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: უძრავი ქონება

იანგი აზიაში უმდიდრესი ქალია. მან მამამისისგან მიიღო უძრავი ქონების კომპანია Country Garden Holdings-დან წილის ნახევარი.

ამჟამად კომპანიას თავად იანგი ხელმძღვანელობს. კომპანია ჩინეთში სასტუმროების მშენებლობითა და მენეჯმენტითაა დაკავებული.

ჰუი კა იანი
ქონება: $28.4 მლრდ
ასაკი: 62
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: უძრავი ქონება

ჰუი კა იანი China Evergrande Group-ის ხელმძღვანელია. აღნიშნული კომპანია ჩინეთის 300 ქალაქში მშენებლობებს ახორციელებს. კომპანია ჰუიმ 1996 წელს დააარსა.

ჰე სიანგძიანი
ქონება: $27.6 მლრდ
ასაკი: 78
ქვეყანა: ჩინეთი
სფერო: სამომხმარებლო ბიზნესი

ჰემ Midea Group-ი დააარსა. აღნიშნული კომპანია კონდიციონერებს, გამათბობლებს და სარეცხის მანქანებს აწარმოებს. მან ბიზნესი 1968 წელს დაიწყო.