მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის დამნაშავე ხიზანიშვილი-ვეკუას ქუჩების რეაბილიტაციის გაჭიანურებაში? - კომპანიის განმარტება

5d8c87db0e621
ლიკა გურაბანიძე
26.09.19 16:41
1697
გლდანის დასახლებაში ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩაზე რეაბილიტაციის განმახროციელებელი კომპანია შპს „ენსისი“ კახა კალაძეს პასუხობს და BM.GE-სთან სარეაბილიტაციო სამუშაოების შეფერხების მიზეზებს განმარტავს. როგორც „ენსისის“ ხელმძღვანელმა გეგი ქელბაქიანმა განაცხადა, სამუშაოების შემაფერხებელ ორი ძირითადი მიზეზი არსებობს.

„ხიზანიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში GWP-ის მიერ წყალსადენის და კანალიზაციის ქსელების შეცვლით დაიწყო პრაქტიკულად ეს სამუშაოები სექტემბრამდე გაგრძელდა. შესაბამისად, სანამ ისინი მუშაობდნენ, ჩვენი სამუშაოები, შეზღუდული იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვმუშაობდით იძულებულები ვიყავით, ეს ორი კომპანია ერთმანეთს დავლოდებოდით.

სამუშაოების დაწყების შემდეგ ჩვენ მიერ გაირკვა, რომ პროექტში ცვლილებები შედიოდა. კერძოდ, ველობილიკი დაემატა, ავტობუსების მოძრაობის სქემა მთლიანად იცვლება, რამაც გამოიწვია იმის აუცილებლობა, რომ პროექტი უნდა გადაკეთებულიყო და ჩვენ შესაბამისად იძულებულები გავხდით, რომ ახალ პროექტს დავლოდებოდით.

რეალურად ჩვენ ახალი პროექტი სექტემბერში მივიღეთ. შესაბამისად, დღეს უკვე იქ გარკვეულწილად სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა იმის გამო, რომ პროექტი სულ ახლახანს მივიღეთ, იქ განსახილველი და შესაცვლელი გარკვეული საკითხები არის, რაც მერიასთან და საპროექტო ორგანიზაციას ერთად მიმდინარეობს, რომ დაზუსტდეს რა როგორ გაკეთდეს, რათა ეს სამუშაოები გასაკეთებელი თავიდან არ იყოს. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება ვიმუშაოთ და ეს სამუშაოები მოკლე ხანში შევასრულოთ“  - განაცხადა ქელბაქიანმა.

ქელბაქიანის განმარტებითვე, თბილისის მერის კახა კალაძისთვის კომპანიის საქმიანობის და არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სრულად მიწოდებული არ იყო.

„იმედი გვაქვს, რომ ამ დღეებში სიტუაციას ბოლომდე გავარკვევთ და მერს დავარწმუნებთ, რომ რეალურად ჩვენი ბრალეულობა იქ მინიმალურია და მეტი წილი ჩვენზე ფიზიკურად არ იყო დამოკიდებული“ - აღნიშნა გეგი ქელბაქიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის მერმა კახა კალაძემ გაჭიანურებული სამუშაოების გამო კომპანიები "ენსისი" (ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია) და "ინშაათ საქართველო"(კიკვიძის ბაღის რეაბილიტაცია) გააკრიტიკა. კალაძის თქმით, არის დღეები, როდესაც კომპანიები ადგილზე საერთოდ არ მუშაობენ. კალაძემ მათ "ბოლო გაფრთხილება" მისცა და აღნიშნა, რომ თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდება, კომპანიებთან ხელშეკრულებები გაწყდება.