მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის ვაზილ ჰუდაკი, რომელიც პრემიერმა FDI-ის მოზიდვის საკითხებში მრჩევლად დანიშნა

6094ea1a07a36
შოთა ტყეშელაშვილი
07.05.21 11:20
2392
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი დანიშნა, თუმცა არც პრემიერს და არც ახალ მრჩეველს დღეს მედიის კითხვებზე არ უპასუხიათ და მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლნენ.

ჰუდაკი 2016-2019 წლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტი იყო. იქამდე კი 2015-2016 წლებში სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრის პოსტს იკავებდა.

2019 წლის ნოემბრიდან ვაზილ ჰუდაკი სლოვაკური საკონსულტაციო ცენტრ GLOBSEC-ის პროექტების მმართველია. 2021 წლის თებერვლიდან ჰუდაკი ჩეხეთის განვითარების ფონდის საინვესტიციო კომიტეტის წევრია. ამასთანავე, 2021 წლის იანვრიდან ჰუდაკი ჩეხური საინვესტიციო ფონდ 4gimel-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. 

"კორონავირუსული ინფექციით გამოწვეულ რთულ ვითარებაში ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე ვმუშაობთ. ამ გეგმაში საქართველოს სამომავლო ეკონომიკური განვითარებისთვის უცხოურ ინვესტიციებს წამყვანი როლი ექნება. ქვეყანას სჭირდება ინვესტიციები, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხდება ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, ჩვენი მოქალაქეების მეტი დასაქმება, მეტი შემოსავალი და აქედან გამომდინარე შევარჩიეთ ბატონი ვაზილ ჰუდაკი ინვესტიციების მოზიდვის კუთხით მრჩევლად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშილმა ვაზილ ჰუდაკის წარდგენისას.

ცნობისთვის: წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა.

საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ აშშ დოლარით შეამცირა.