მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ დაიქირავა უცხოელი ექსპერტები, რომლებიც პოსტ-კრიზისულ გეგმაზე მუშაობენ?

5ef5ee0e1a215
შოთა ტყეშელაშვილი
27.06.20 18:40
1613
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად კემბრიჯის და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები, ასევე დიდი ოთხეულის წევრი Deloitt-ის კონსულტანტები მუშაობენ.

რამდენიმე დღის წინ მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან Zoom-ის მეშვეობით შეხვედრაც გამართეს. 

დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა ტიპის დოკუმენტების შექმნა ევალებათ მოწვეულ ექსპერტებს და ვინ იხდის მათ შესრულებული სამუშაოსთვის ჰონორარებს. სადეპუტატო კითხვაზე ნათია თურნავას მიერ გაცემული პასუხიდან ირკვევა, რომ ეს კონსულტანტები ორ დამოუკიდებელ ჯგუფად მუშაობენ, ხოლო მათი მომსახურების საფასურს კი USAID და UNDP იხდიან. 

"COVID 19 პანდემიით გამოწვეულ კრიზისულ და პოსტ-კრიზისულ პერიოდში. აღნიშნულ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს 2 სხვადასხვა საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფთან ერთად. საქართველოს მთავრობა აშშ განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის (USAID Economic Governance Program) ფარგლებში, მუშაობს დელოიტ კონსალტინგის ექსპერტებთან ერთად ეპიდემიის პირობებში მთავრობის მიერ სოციალურ-ეკონომიკური მიმართლებით განხორციელებული ღონისძიებების ეფექტიანობის შეფასებისა და პოსტკრიზისული ეკონომიკური განვითარების მიმართულებების პრიორიტეტებისა და გეგმის შემუშავებაზე. საქართველოს მთავრობა ასევე მუშაობს UNDP-ს მიერ მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, კვლევისა და პოლიტიკის დოკუმენტის - „სტრუქტურული ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაში გაზრდილი განუსაზღვრელობის პერიოდში“ შემუშავებაზე, რომელშიც შევა ძირითადი რეკომენდაციები ეკონომიკის რესტრუქტურიზაციის შესახებ საწარმოო სტრუქტურისა და ეკონომიკის შესაძლებლობების შესახებ. აღნიშნული მოიცავს ფინანსურ, ფისკალურ სექტორებს, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას. 

აშშ განვითარების სააგენტოს ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული სამუშაო სრულად ფინანსდება აშშ განვითარების სააგენტოს მიერ და აღნიშნული სამუშაოს დასრულება დაგეგმილია 2020 წლის ივლისში. პროექტში ჩართულია საერთაშორისო ექსპერტების გუნდი: 

  • ლუის პანიაგა - პროექტის მენეჯერი 
  • ვორენ ქოუთსი - მონეტარული ეკონომისტი 
  • სტივენ სიმანსკი - ფისკალური ეკონომისტი 
  • ჯესიკა მაინო - ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი 
  • სტივ ლევარნი - ეკონომიკური მმართველობის მრჩეველი 
  • რონ მაკმორანი - ფისკალური ღონისძიებების მრჩეველი,"- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ლევან კობერიძისთვის გაგზავნილ წერილში.

UNDP-ის მიერ დაქირავებული ექსპერტები კი არიან:

ჰა ჯუნ ჩანგი (장하준) სამხრეთ კორეელი ეკონომისტი, რომელიც განვითარების ეკონომიკის დარგის ერთ-ერთი ცნობილი მკვლევარია. ის კემბრიჯის უნივერსიტეტის განვითარების ეკონომიკის მიმართულების კურსის ხელმძღვანელია. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, ის სხვადასხვა წლებში  გაეროს განვითარების სააგენტოს მოწვეული ექსპერტი იყო აფრიკის განვითარების, ასევე, სამხრეთ აღმოსავლეთ-აზიის მიმართულებით; იყო ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, ევროპის საინვესტიციო ბანკის და სხვა ორგანიზაციების მრჩეველი.

ბიოგრაფიაში, ასევე, მითითებული აქვს, რომ სხვადასხვა დროს იყო ვენესუელას, ყაზახეთის, მალაიზიის, იაპონიის, მალაიზიის, მექსიკის, საუდის არაბეთის მთავრობის მრჩეველი. კერძო კომპანიების მიმართულებით კი, კონსულტაციებს უწევდა Shell-ს, Hyundai-ს, Samsung-სა და სხვა კომპანიებს.

ჯონათან დი ჯონი განვითარების ეკონომიკის დარგში ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორია. ბიოგრაფიის მიხედვით, ის ძირითადად სამხრეთ ამერიკის შესახებ ფოკუსირდება. მათ შორის, ვენესუელას, ბრაზილიის, კოლუმბიის და სხვა ქვეყნების შესახებ.

ჯონათან ჯი ჯონი გაეროს განვითარების ორგანიზაციის (UNDP), ასევე მსოფლიო ბანკის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მოწვეული ექსპერტია.

კრისტოფერ კრამერი ლონდონის ეკონომიკის სკოლის პროფესორია, ისიც განვითარების ეკონომიკის დარგზე ფოკუსირდება. ბიოგრაფიის მიხედვით, კრისტოფერ კრამერი ძირითადად აფრიკის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხებზე მუშაობს. ის არის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, გაეროს განვითარების ორგანიზაციის, გაეროს სურსათის ორგანიზაციის, ევროკომიის, მსოფლიო ბანკისა და ეთიოპიის განვითარების ბანკის მოწვეული კონსულტანტი.