მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ გააკონტროლებს პლაჟებს და დაჯარიმდება თუ არა ვინმე რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობისთვის

5f02efa6f03e4
ინგა მურუსიძე
06.07.20 13:44
870
ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტმა გამოქვეყნა რეკომენდაციები, რომელიც მოიჯარეებმა, გამქირავებლებმა და უბრალოდ დამსვენებლებმა პლაჟზე ყოფნისას უნდა შეასრულონ.

რას ფიქრობენ რეკომენდაციების შესრულებაზე ბათუმის ბულვარის მენეჯმენტში და როგორ იგეგმება რეკომენდაციების აღსრულება? - ამ კითხვებით bm.ge-იმ ბათუმის ბულვარის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერს მაგდა ჯაიანს მიმართა. ირკვევა, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გარკვეული სანქციები იქნება, თუმცა რა ფორმით, ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო მუშაობს. 

„მოგეხსენებათ, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე ოფიციალურად გამოაქვეყნა რეკომენდაციები, რაც პლაჟზე უნდა იყოს დაცული. ესენია: ჰიგიენის წესების დაცვა, ასევე, აუცილებლად სტუმარმა უნდა მოითხოვოს სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებული შეზლონგი, ქოლგა და სხვა ნებისმიერი საზღვაო ატრიბუტი. რეკომენდაციებს შორისაა ასევე ის, რომ ყველა ვიზიტორმა გამოიყენოს თავისი პირსახოცი. აუცილებელია, ვიზიტორებმა შეინარჩუნონ დისტანცია როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე, შეზლონგებს შორის, თუმცა განსაზღვრული არ არის ეს იქნება ორი მეტრი, მეტრნახევარი თუ სხვა. გამონაკლისს წარმოადგენს 12 წლამდე ასაკის ბავშვები და მათთან დისტანციის დაცვა აუცილებელი არ არის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირბადეები, ხელთათმანები და სხვა ნარჩენები მოქალაქეებმა მოათავსონ ბულვარში განთავსებულ თავდახურულ ნაგვის კონტეინერებში. ნარჩენებით დანაგვიანებასთან დაკავშირებით გვაქვს საჯარიმო სანქცია 80 ლარი და ვთხოვთ ვიზიტორებს, ნუ დაანაგვიანებენ პლაჟს", - ამბობს ის. 

რაც შეეხება რეკომენდაციების აღსრულების მექანიზმს, მაგდა ჯაიანის ინფორმაციით, მის შესრულებაზე მონიტორინგს შრომის ინსპექციასთან და ბათუმის მერიის შესაბამისი ინსპექტირების სამსახურთან ერთად, ბულვარის მონიტორინგის სამსახური განახორციელებს.
 
"ახლა მუშავდება, თუ როგორ მოხდება შემოწმება. რაც შეეხება სანქციებს, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს ამ საკითხზე და უახლოეს მომავალში გვეცოდინება, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დარღვევებისთვის. მაკონტროლებლები ყველას მოუწოდებენ, რეკომენდაციები შეასრულონ. გარდა ამისა, მოიჯარებს დაევალებათ პლაჟებზე განათავსონ საინფორმაციო ბანერები. ბულვარის მონიტორინგის სამსახურს ამჟამად 10 თანამშრომელი ჰყავს, ამას დაემატება მუნიციპალური ინსპექცია და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები”, - აცხადებს ჯაიანი.

გარდა ამისა, ჯაიანი ამბობს: „რა თქმა უნდა, საჭიროა სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ვიზიტორმა თავად უნდა გააკონტროლოს უსაფრთხო დისტანცია, ჰიგიენის ნორმები და ა.შ. აჭარამ მწვანე ზონის სტატუსი მიიღო და ამ სტატუსის შესანარჩუნებლად საჭიროა, ყველა ადამიანი მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული მოქალაქეებზე, ტურისტებზე, რომ ხელი შეგვიწყონ“, - განმარტა მან.

რაც შეეხება მიმდინარე ვითარებას, ბულვარის წარმომადგენელი ამბობს, რომ პანდემიის ფონზე ბათუმს საკმაოდ ბევრი დამსვენებელი ჰყავს.

„არსებული ვითარების ფონზე საკმაოდ ბევრი ტურისტი გვყავს ბათუმში. ნელ-ნელა მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. პლაჟებზე საინფორმაციო ბანერების, გასახდელების და ბრენდირებული საშხაპეების დამონტაჯება ხორციელდება. ველოდებით დამსვენებლებს და ყველას ვთხოვთ, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ნორმები“, - ამბობს მაგდა ჯაიანი.