მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ისარგებლებს სესხების კიდევ 3 თვით გადავადებით - კრიტერიუმების ჩამონათვალი

5ec67906dfb30
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 18:00
2370
მოქალაქეთა ნაწილისთვის, რომლებმაც COVID-19-ის ეკონომიკური შოკის ფონზე სამსახურები დაკარგეს ბანკები სესხებს კიდევ 3 თვით გადაუვადებენ. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ წარადგინა დეტალური კრიტერიუმები, რომლითაც ბანკები ამ შეღავათების დაწესების დროს ისარგებლეენ. 

კრიტერიუმები, რომელსაც ფიზიკური პირი უნდა აკმაყოფილებდეს, რათა მან სასესხო შეღავათები მიიღოს:

ა) ფიზიკური პირების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი, რომელმაც COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაკარგა შემოსავლის ძირითადი წყარო, აღნიშნულის გათვალისწინებით სახელმწიფოსაგან დაენიშნება შესაბამისი დახმარება და აღირიცხება სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, საბანკო სექტორისაგან მიიღებს დამატებით საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადების შეთავაზებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება მომსახურე კომერციული ბანკისაგან.

ზემოთაღნიშნული მომხმარებლები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან მიიღებენ 2020 წლის 10 ივნისიდან.

ბ) ფიზიკური პირების იმ ნაწილს, რომელიც ვერ მოხვდა სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 2020 წლის 10 ივნისამდე და არ არის აღრიცხული სსიპ - შემოსავლების სამსახურის ბაზაში, მაგრამ დაკარგა ძირითადი შემოსავლის წყარო ან შეუმცირდა შემოსავალი იმ ოდენობით, რომ ვერ უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულებების შესრულებას, კომერციული ბანკები თავიანთ მონაცემებზე დაყრდნობით გამოავლენენ და შესთავაზებენ საკრედიტო ვალდებულებების შესრულების 3 თვით გადავადებას იმავე პირობებით, რა პირობებითაც COVID-19-ის პანდემიის საწყის ეტაპზე მიიღეს შეთავაზება. აღნიშნული პირები 2020 წლის 10 ივნისიდან დამატებით მიიღებენ მომსახურე კომერციული ბანკებისაგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეძლებენ მიმართონ მომსახურე კომერციულ ბანკებს.

გ) ყველა იმ პირის კრედიტის რესტრუქტურიზაციის ან/და რეფინანსირების საკითხი, რომელიც არ მოექცევა „ა“ და „ბ“ პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაში, განხილული იქნება მათი მხრიდან მომსახურე კომერციული ბანკისათვის მიმართვის შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გადაწყვეტილება მიღებული იქნება მომხმარებლის ფინანსური მდგომარეობის, კომერციული ბანკის შეფასების და ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ, მიმართოთ მომსახურე ბანკს.

ფიზიკური პირებისათვის საკრედიტო ვალდებულებების შესრულების გადავადება არ გულისხმობს გადასახდელი კრედიტის ძირითადი თანხის და დარიცხული საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულების გაუქმებას, აღნიშნული თანხები გადანაწილდება კრედიტის შემდგომ პერიოდზე.