მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ იყო გორდონ მური და რა ამაგი მიუძღვის მას კაცობრიობის წინაშე?

6421d5dd7d914
გიორგი არონია
27.03.23 22:00
947

წელს, გლობალური ტექნოლოგიური სამყარო კიდევ ერთ ტიტანს გამოემშვიდობა. რამდენიმე დღის წინ, 24 მარტს, ტრადიციული ამერიკული ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი საყრდენი კომპანიის, Intel-ის ყოფილი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და თავმჯდომარე, გორდონ მური გარდაიცვალა. ბევრისთვის, Intel-ის მსგავსი კომპანიის წინამძღოლობა საოცნებო სამსახური და მთავარი ცხოვრებისეული მიზანია, მაგრამ არა გორდონ მურისთვის, რომელიც გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიის აღმასრულებელი ხელმძღვანელი.

თუ საუბარს მურის ადრეული კარიერის განხილვით დავიწყებთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ის სილიკონის ველის იმ ჯგუფს მიეკუთვნება, ენთუზიასტები ე.წ. “საძულველი რვიანის” სახელით რომ ვიცნობთ. გორდონ მური ერთ-ერთი იყო იმ რვა ახალგაზრდიდან, რომელთაც 1957 წელს ფიზიკაში ნობელის პრემიის ლაურეატის, უილიამ შოკლის ჯგუფი, “შოკლის ნახევარგამტარების ლაბორატორია” დატოვეს და Fairchild Semiconductor-ი დააფუძნეს - კომპანია, რომელიც რამდენიმე წელიწადში, მიკროჩიპების წარმოების გიგანტად იქცა. უკიდეგანო მასშტაბის გარდა, გორდონ მურისა და მეგობრების მიერ დაფუძნებული კომპანია იმითაცაა გამორჩეული, რომ მან ბევრ ამერიკულ კორპორაციას დაუდო დასაბამი, მათ შორის AMD-სა და ზემოხსენებულ Intel-ს. ამასთან, “საძულველი რვიანის” წევრები, ფაქტობრივად, სილიკონის ველის დამფუძნებლებადაც შეგვიძლია ჩავთვალოთ.

Intel-ის გარდა, გორდონ მურმა დიდი და შეიძლება ითქვას კოლოსალური წვლილი შეიტანა ზოგადად მიკროჩიპების ინდუსტრიის განვითარებაში. სწორედ გორდონ მურის სახელს ატარებს “მურის კანონი”, რომელიც მან ჯერ კიდევ 1965 წელს იწინასწარმეტყველა. ამ კანონის მიხედვით, მიკროჩიპში ტრანზისტორების რაოდენობა ყოველწლიურად ორმაგდება. მოგვიანებით, მურმა პროგნოზი შეცვალა და თქვა, რომ მიკროჩიპში ტრანზისტორების რაოდენობა ორ წელიწადში ერთხელ გაორმაგდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლოდროინდელმა ტექნოლოგიურმა მიგნებებმა და ფიზიკის კანონების ლიმიტებმა მურის კანონი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, ვერაფრით დავივიწყებთ იმ როლს, რომელიც მურის კანონმა ტექნოლოგიის განვითარებაში შეიტანა.

ცხოვრების ბოლო წლები, ამერიკაში ბოლოს დროს დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, გორდონ მურმა ფილანთროპიასა და ქველმოქმედებას დაუთმო. ათასწლეულის დასაწყისში, გორდონ მურმა და მისმა მეუღლემ "გორდონ და ბეტი მურების ფონდი" დააფუძნეს, რომელიც გარემოსდაცვითი საკითხების, მეცნიერებისა და პალიატიური მოვლის საკითხებზე კონცენტრირდება. დაარსებიდან დღემდე, მურების ფონდმა სხვადასხვა პროექტს $5.1 მილიარდზე მეტი შესწირა.

ისე კი, რაკიღა გორდონ მურზე ვწერთ, ორიოდ სიტყვით უნდა ვახსენოთ მისი პირმშო - მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია Intel-ი. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ წლებია, რაც Intel-ი მიკროჩიპების წარმოების გლობალური ლიდერია, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $122 მილიარდს აჭარბებს. ამ მხრივ, კომპანიამ მაქსიმალური მაჩვენებელი პანდემიის დროს, ანუ 2020 წლის იანვარში დააფიქსირა - მაშინ, Intel-ს ბაზარი $273 მილიარდად აფასებდა. ამასთან, კოლოსალურად მაღალია Intel-ის მოგების მაჩვენებელიც, რომელმაც 2022 წელს $8 მილიარდს გადააჭარბა. ამასთან, განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბოლო წლებში დაფიქსირებული მომგებიანობა: 2018-2021 წლებში, ამერიკულმა გიგანტმა თითქმის $83 მილიარდის წმინდა მოგება მიიღო, რაც წელიწადში საშუალოდ $20 მილიარდს ნიშნავს.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.