მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ მართავს ქვეყანას - „ოცნება“ თუ სააკაშვილი? - ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან

6199fa6a1373e
თელარა გელანტია, ვიქტორია მღებრიშვილი
21.11.21 11:50
6386
„მმართველ გუნდს, სახელმწიფოს უკიდურესად დაძაბული, პოლარიზებული, კრიტიკული სიტუაციის განეიტრალება მართებს... გამოსავალი არის და ცდილობენ, რომ გააკეთონ“, - ეს განცხადება ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, პატიმარ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გამო ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესების შეფასებისას გააკეთა. BM.GE-სთან საუბრისას ბიზნესმენი ამბობს, რომ მთავრობა სიტუაციას სწორად მართავს. გარდა ამისა, ლაშა პაპაშვილმა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ჩვენს კითხვებსაც უპასუხა და აღნიშნა, რომ დასტაბილურებული ლარის კურსი და 2020 წელთან შედარებით აღდგენილი ტურიზმი, იმის თქმის საშუალებას აძლევს, რომ „ქვეყანა რაღაცას ჰგავს".

- ბატონო ლაშა, თუ გავითვალისწინებთ მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლის შემდეგ პოლიტიკური პროცესების განვითარებას, როგორ ფიქრობთ, ვინ მართავს დღეს ქვეყანას მიხეილ სააკავშილი თუ „ქართული ოცნება“?

"ოცნება" არ ვიცი, მაგრამ ჯერჯერობით, პროცესებს ირაკლი (ღარიბაშვილი) მართავს. მე მირჩევნია, მხარი დავუჭიროთ და ვიმუშაოთ, რადგან მეზობელ ქვეყნებში არსებული მდგომარეობის მიუხედავად, ლარის კურსი გამყარებისკენაა... რომ ამბობდნენ, თურქეთში ლირა გაუფასურდა და ჩვენც უნდა მივყვეთო... ვხედავთ, რომ ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ლარის კურსი კარგადაა; ტურიზმის აღდგენის ყველა წინაპირობაა... უფრო მხარჯველუნარიანი ტურისტი მოდის, რაც ძალიან სასიხარულო ფაქტია; ეს უნდა გამოვიყენოთ.

- თქვენი აზრით, რა იწვევს ლარის კურსის მეტ-ნაკლებ სტაბილურობას? ეს ფუნდამენტური ფაქტორების გაუმჯობესებით აიხსნება?

ეს ძალიან მარტივად ასახსნელია - პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ატარებდა, შევაცვლევინეთ და მათ შორის მთავრობა ჩვენ მხარეს დადგა... როდესაც ჩვენი პრეზენტაციები, ჩვენი მიდგომები, საბანკო რეგულაციები მოისმინა <პრემიერ-მინისტრმა>, ადეკვატურად გაიგო და გამოჰყვა ჩვენს იდეას, არადა სებ-ი განუზომლად და გაუთავებლად ყიდულობდა დოლარს, შეუძლებელი იყო ამის ასე დატოვება, ამიტომ ვიაქტიურეთ და ასე გამოვიდა. მიხვდით რას შვრება ერთობა?!

- ბოლომდე მაინც ვერ ვხვდები, რა შეცვალა თავის პოლიტიკაში სებ-მა ისე, რომ ამან ლარის რყევები დაასტაბილურა... თან ბოლო წლების ტენდენციას თუ გადავხედავთ, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები მძიმდებოდა, საპროტესტო აქციების პერიოდში ეროვნული ვალუტა მყისიერად იწყებდა გაუფასურებას, ბოლო 1 თვეა ლარი ამ ტრენდს არ მიჰყვება- პირიქით, იყო შემთხვევები, როდესაც ნახტომისებურადაც გამყარდა. რა ფაქტორებით შეიძლება ამის ახსნა?

ამ კითხვაზე მარტივი პასუხი არსებობს - საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, არაუგვიანეს 15 ნოემბრისა, გადაიხადონ ქონების გადასახადი. შესაბამისად, ამ დღეების განმავლობაში ყველას დასჭირდა ლარი და დიდი ალბათობით, ვალუტა გაყიდეს. ეს შეიძლება ერთ-ერთი მოკლევადიანი ფაქტორი ყოფილიყო. სხვა გრძელვადიან ფაქტორს რაც შეეხება, როგორც უკვე აღვნიშნე, ეროვნული ბანკი ცოტათი გამოგვყვა და ახორციელებს იმ პოლიტიკას, რაც ამ ქვეყანას სჭირდება.

- შეგიძლიათ, მეტად დაკონკრეტდეთ?

უამრავი ბერკეტია, რაც ეროვნულ ბანკს გააჩნია. საბანკო რეგულაციების კუთხით ბევრი რამ გაუკეთებელი დარჩა, მაგრამ აშკარად მნიშვნელოვან ნიუანსებში გამოგვყვა... უმთავრესი სავალუტო რეზერვების შევსებაა, როდესაც მსოფლიოში კატასტროფული მდგომარეობაა და რეზერვები უნდა გამოიტანო, არაფერი გაუყიდია და ვთხოვეთ, რომ ზემოდან მაინც არ დაემატებინა ანუ არ შეესყიდა. ბევრს თავისი რეზერვები პანდემიის გადასალახად სჭირდება და მიმართა კიდევაც...

- რა გავლენას ახდენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები თქვენი უცხოელი პარტნიორების დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ და რას ურჩევდით მთავრობას - როგორ უნდა დაიძლიოს ეს კრიზისი?

საბოლოოდ, რაც ხდება ქვეყანაში, მთავრობებს ბრალდება, ეს იცის მთავრობამ. ამის 35-წლიანი გამოცდილება აქვს, რა არ უნდა მოხდეს და, ჯერჯერობით, სწორად მართავს, მე ასე ვფიქრობ... ირაკლი ღარიბაშვილს ვეთანხმები.

- ისე რითი მოიგო თქვენი გული ირაკლი ღარიბაშვილმა?

გადაწყვეტილებებს იღებს... მეტი რა შეიძლება იყოს?! ადამიანები ვართ და ზოგჯერ შეცდომას უშვებს, მაგრამ თემებს კარადის თავზე არ შემოდებს ხოლმე.

- ლარის კურსის გარდა, ყველაზე მეტად რომელი გადაწყვეტილება გახსენდებათ მისი?

შეგიძლიათ ცალკეულს ბიზნესმენებს ჰკითხოთ... <წყდება> ყოველდღიური პრობლემები, რითაც მივდივართ მასთან... მარტო ლარის კურსზე ხომ არ ვსაუბრობთ?! ყველამ გლობალურ პროცესებს უნდა შევხედოთ, რა პროცესები მიმდინარეობს და მთავრობას, რომელსაც გვინდა, ჩვენი ქვეყნისთვის პოზიტიური რაღაცეები გავაკეთებინოთ, ამის კეთების საშუალება უნდა მივცეთ. ზოგჯერ ფანჯარაში უნდა გაიხედო - კარგადაა სიტუაციაა თუ არა... ამ წუთას რაღაცას ჰგავს ჩვენი ქვეყანა...

- იმედია, უფრო კარგ რაღაცასაც დაემსგავსება...