13.მაისი .2020 22:15

ვინ რამდენით დაჯარიმდება შრომის კოდექსის დარღვევისთვის – კანონპროექტი

views 851
უკან

საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია ცვლილებების პროექტი შრომის კოდექსში, რომელიც დასაქმებულის უფლებების დარღვევისთვის კონკრეტულ ჯარიმებს ითვალისწინებს. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმების ოდენობა 200 ლარიდან იწყება.

კერძოდ, დარღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმების ოდენობები ასე განისაზღვრა:

ამ კანონით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევა, გარდა დისკრიმინაციისა და იძულებითი შრომისა, თითოეული დარღვევისათვის გამოიწვევს გაფრთხილებას ან დაჯარიმებას:

ა) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა;

ბ) წინა კალენდარული წლის მიხედვით 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ფიზიკური პირი დამსაქმებლის შემთხვევაში, არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;

გ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 100 000 ლარს არ აღემატება, არანაკლებ 300 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა;

დ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს, მაგრამ არ აღემატება 500 000 ლარს, არანაკლებ 400 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 900 ლარისა;

ე) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დამსაქმებლის შემთხვევაში (გარდა ფიზიკური პირისა), რომლის მიერ წინა უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა 500 000 ლარს აღემატება, არანაკლებ 600 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა;

ვ) ნებისმიერი სხვა დამსაქმებლის შემთხვევაში, მათ შორის რომელიც რეგისტრირებული არ არის დღგ-ის გადამხდელად (გარდა ფიზიკური პირისა), არანაკლებ 200 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 400 ლარისა.

დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევა, ასევე იძულებითი შრომა გამოიწვევს ყველა ზემოთ აღნიშნული საჯარიმო რიცხვების გასამმაგებას.

შრომის ინსპექციის მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დამსაქმებლისთვის დაკისრება არ ათავისუფლებს მას ნებისმიერი სხვა პასუხისმგებლობისგან, რომელიც სასამართლომ შესაძლოა დამსაქმებელს დააკისროს უფლებახელყოფილი პირის მიერ აღძრული სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა