მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ შეიძლება ააშენოს ანაკლია? – ფადი ასლის მოსაზრება

63f9c85fd556e
ელენე კვანჭილაშვილი
25.02.23 19:00
1540
„მთავრობა არ არის ინვესტორი“ – ასე ეხმიანება საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ფადი ასლი საქმიან დილაში, ელენე კვანჭილაშვილის #ანალიტიკას ბლოკში წამოწეულ თემას მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტებში გადასახადების გადამხდელთა ფულის ინვესტირებასთან დაკავშირებით.

საქმე ის არის, რომ ანაკლიის პორტი პროექტი ოფიციალურად უკვე მესამედ დაიწყო. მთავრობამ ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში კერძო პარტნიორის შესარჩევად განზრახულობის განაცხადი საჯაროდ გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, პროექტისთვის 49%-იანი წილის მფლობელი კომპანია ან კონსორციუმი შეირჩევა, ხოლო 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

„ინვესტირება უნდა მოახდინოს კერძო სექტორმა. გადასახადების გადამხდელთა თანხები, იქნება ეს საპენსიო ფონდის, თუ სხვა ტიპის თანხა, დაუშვებელია, გამოყენებულ იყოს პროექტების დაფინანსებისთვის. ეს იქნება ტრაგიკული შეცდომა, რომელიც ჩამოანგრევს თავად საპენსიო ფონდს“, – ამბობს ფადი ასლი, თუმცა იქვე დასძენს, რომ ესმის, მთავრობა ახლა ბოლო 10 წლის მანძილზე ინვესტორების წინაშე დაშვებული შეცდომების გასწორებას გადასახადების გადამხდელთა ფულით ცდილობს.

„ერთადერთი შესაძლებლობაა, გამოიყენონ გადასახადების გადამხდელთა ფული იმისთვის, რომ დაასრულონ ეს პროექტები. თუმცა ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა“, – ამბობს ფადი ასლი.

ანალიტიკას წამყვანის და ავტორის კითხვას, რამდენად მიიღეს თუნდაც ICC Georgia-ს წევრმა ინვესტორებმა მკაფიო პასუხები იმაზე, თუ რატომ არ გაამართლა ამ პროექტებმა კერძო ხელში, ფადი ასლი პასუხობს, რომ ანაკლიის პროექტის შემთხვევაში, თავიდანვე ამ პროექტის შეჩერება იყო მთავარი მიზანი.

„რაც იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილმა მიზანმიმართულად გაანადგურა პროექტი ინვესტორების დისკრედიტაციის გზით მათ მიმართ წაყენებული მცდარი ბრალდებები. ბატონ ივანიშვილს არასდროს ჰქონია რწმენა ამ პროექტის მიმართ, არც 2011 წელს, როცა ჯერ კიდევ ლაზიკას სახელწოდებით მიდიოდა მსჯელობა, მაგრამ ახლა სიტუაცია შეიცვალა“, - განმარტავს ფადი ასლი.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარე ხაზს უსვამს საქართველოში შუა კორიდორის გააქტიურებას, რაც მსოფლიო დღის წესრიგში რუსეთ–უკრაინის ომმა დააყენა და რაც დიდი შესაძლებლობა შეიძლება იყოს საქართველოს ტრანზიტული პოტენციალის ათვისებისთვის.

„ყველა მსხვილი ეკონომიკური ძალა ეძებს დღეს ალტერნატიულ გზას, რომელსაც მათ სწორედ ეს კორიდორი სთავაზობს და რომელიც საქართველოზე გადის. მისი მიმზიდველობა სულ უფრო იზრდება და დღეს უკვე ივანიშვილიც ხვდება, რომ ანაკლიის პროექტს აქვს ძალიან დიდი ღირებულება და ცდილობს, უზრუნველყოს დაფინანსების მობილიზება“, - თქვა მან.

კითხვაზე, ვინ შეიძლება ჩადოს ფული პრობლემატურ პროექტში, რომელზეც საერთაშორისო არბიტრაჟში სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა მიმდინარეობს, ფადი ასლი გვპასუხობს, რომ ეს შეიძლება იყოს ინვესტორი მხოლოდ რუსული ფულით ან თავად ივანიშვილის ფულით.

„სწორედ ამიტომ ინვესტორები ერთგვარი სკეპტიციზმით უყურებენ ამგვარი პროექტების დაფინანსებას“, – ამბობს ფადი ასლი.