მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ წერს და როდის დაინიცირდება ტურიზმის შესახებ ახალი კანონი?

632d5d01d5d39
თელარა გელანტია
23.09.22 21:55
753
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, "ტურიზმის შესახებ კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს“.

როგორც მან bm.ge-ს შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, კანონპროექტის მომზადებაში წამყვანი როლი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს აქვს.

ცნობისთვის: მარიამ ქვრივიშვილი ჯერ კიდევ შარშან ვარაუდობდა, რომ 2021 წლის ბოლომდე ტურიზმის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდებოდა, დღეს კი ვადების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

„გამიჭირდება ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. ალბათ ბატონ დავით სონღულაშვილს უნდა ვკითხოთ, ეს მისი კომპეტენციაა, რადგან ტურიზმის შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებაში სწორედ დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს აქვს წამყვანი როლი.

მოგეხსენებათ, კერძო სექტორთან, დარგობრივ ასოციაციებთან ერთად ვმსჯელობდით, გავდიოდით ყველა საკითხს და გულწრფელად გეტყვით, რომ კომპლექსური პროცესია და არცერთი მხარის სურვილი არ არის, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები იქნას მიღებული. ნებისმიერი ცვლილება იქნება თუ რეგულირების სხვა ფორმა, რა თქმა უნდა, სიფრთხილით ვეკიდებით“, - აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი bm.ge-სთან.

- რა არის ის თემები, რაზეც კერძო სექტორი და სახელმწიფო სხვადასხვა აზრზე ხართ?

- სიმართლე გითხრათ, ასეთი არ იკვეთება. ჩვენ ყოველთვის კერძო სექტორის მხარეს ვართ და გვსურს, ნებისმიერი ახალი ინიციატივა მათზე ორიენტირებული იყოს.

- მაშინ რატომ გაჭიანურდა კანონპროექტის მომზადება, რადგან თქვენ ჯერ კიდევ შარშან ამბობდით, რომ საკანონმდებლო ინიციატივა წლის ბოლომდე დაინიცირდებოდა..

- გაჭიანურებას არ დავარქმევდი... ეს არის სამუშაო პროცესი. პანდემიას ჰქონდა თავისი ეფექტი. ტურიზმის სტრუქტურაც შეიცვალა. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სპეციფიკა, რომელიც ევროდირექტივით არის გასათვალისწინებელი და როცა ამაზე ვსაუბრობთ, სახელმწიფოს გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენს ბაზარს მოერგოს და აღსრულებადი იყოს ყველა ის ინიციატივა, რომელიც დაინერგება. ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, რადგან ნაჩქარევად შეიძლება ისეთი დირექტივის ვალდებულება გაუჩნდეს კერძო სექტორს, რომლის პრაქტიკაში გამოცდის შემდეგ, შესაძლოა, შეცვლა მოგვიწიოს.