მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინც ორი ქვითარი მიიღო, გადაუხდელობის შემთხვევაში, დენი არ გაეთიშება - სემეკი

61d70073f2d4b
თათია ჩაფიჩაძე
06.01.22 18:40
7120
სემეკის წევრის გიორგი ფანგანის განცხადებით, ყველა მომხმარებელმა, ვინც დეკემბერში ორი ქვითარი მიიღო და დავალიანებას მითითებულ ვადებში ვერ გადაიხდიან, ქსელიდან არ გაითიშებიან.

როგორც “თელმიკოსა“ და „ჯივიპის“ დარიცხვების საკითხზე გაკეთებული განმარტებისას ფანგანმა აღნიშნა, ამ ეტაპზე სემეკი ათეულობით მოქალაქის მიერ შესულ განცხადებებს სწავლობს და სისტემური დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მარეგულირებელში არ გამორიცხავენ რომ ყველა აბონენტის გადამოწმება გახდეს საჭირო.

“მიუხედავად იმ სპეკულაციისა, რაც გვესმის ორი დღეა, რომ გაიზარდა გადასახადები, ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გადასახადები არ გაზრდილა. ყველაფერი იგივეა, ერთადერთი შეიცვალა მხოლოდ აღრიცხვიანობის სისტემა, ახალი სისტემა რომ შესულიყო ძალაში ზოგმა ჩვენმა მოქალაქემ მიიღო ორი ქვითარი, თუმცა გადასახადის ოდენობა არ შეცვლილა. ჩათვალეთ ერთ ქვითარში, რაც უნდა ყოფილიყო ის გაიყო ორად. მიუხედავად ამისა, გარკვეული შეშფოთებები გამოთქვა, ჩვენთან მოვიდა არაერთი მოქალაქე, რომლებიც თვლიან რომ მათი უფლებები დაირღვა, ამიტომ ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება “თელმიკოსთან” და “gwp-თან” ერთად, რომ ყველა მომხმარებელმა ვინც მიიღო ორი ქვითარი და ვერ გადაიხდიან შესაბამისს საფასურს ქვითარში გაწერილ დროს, არ გაითიშებიან ქსელიდან. ყველა ქვითარში მითითებულია გადახდის ბოლო ვადა, ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს 15 იანვარი, მაგრამ რომც არ გადაიხადონ, არ გაითიშებიან. კომპანიებმა გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და გამოგვყვნენ ამ მოთხოვნაზე.

მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ თვის ბოლოს გადაიხადონ. ეს ორი ქვითარი ერთჯერადი იყო და მომავალი თვიდან ყველაფერი გასწორდება ბუნებრივად. მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენი მოწყვლადი მომხმარებლები გარკვეული შეღავათებით ისარგებლებენ.

არ გამოვრიცხავ გარკვეულ ხარვეზებს, ძალიან რთული სისტემაა, რაზეც ხდება გადაწყობა, ამიტომ მოგვმართონ და აუცილებლად დავაკორექტირებთ თუ არის რამე ასეთი და თუ დავინახეთ, რომ აქ სისტემური ხასიათი აქვს დარღვევებს, ისევ და ისევ მკაცრად ვიმოქმედებთ და კომპანიებს სანქციების გადახდაც შეიძლება მოუწიოთ.

რაც შეეხება კითხვას მეტობით მისულ დავალიანებაზე, ჩვენთან რამდენიმე ათეული განცხადება შემოვიდა, პირველადი გადამოწმებით რაც ვნახეთ, რამდენიმეს აქვს გაზრდილი, მაგრამ უმნიშვნელოდ, ჩვენ უნდა შევადაროთ მონაცემები წინა წლის დეკემბერს. ამაზე ჩვენ შემდეგ კვირაში გავაკეთებთ ოფიციალურ განცხადებას, სტატისტიკებს ამოვიღებთ. ჯერჯერობით რაიმე სერიოზული გადაცდენა არ არის, თუმცა არ გამოვრიცხავთ და ყველას მოვუწოდებთ მოგვმართონ, ყველას დავეხმარებით.

თუ დავინახეთ რომ 50-60 შემთხვევაა და ეს სისტემური ხასიათისაა, მაშინ აბსოლუტურად ყველა ბაზა გადამოწმდება. ტექნიკური შესაძლებლობები ამის საშუალებას მარტივად იძლევა", - განაცხადა ფანგანმა.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის გადახდის ვადების ცვლილებასთან დაკავშირებით დეკემბერში მომხმარებელმა "თელმიკოს" ორი ქვითარი მიიღო, რასაც გაურკვევლობა მოყვა. კომპანია ქვითრებთან დაკავშირებით განმარტება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ორი ქვითარი დეკემბრის სრულ გადასახადს ასახავდა.

"ერთი ქვითარი მოსახლეობამ ჩვეულ დროს მიიღო, ხოლო მეორე ქვითრის გაგზავნა მოხდა იმის შემდეგ რაც კომპანია "თელასმა" დეკემბრის ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ აიღო ჩვენება. შესაბამისად მეორე ქვითარი დეკემბრის დარჩენილი დღეების ხარჯს ასახავდა.

დეკემბრის თვეში ორი ქვითრის დაგზავნის აუცილებლობა დადგა, თვის სრულად დახურვის საჭიროებით, ვინაიდან იანვრიდან ქვითრები თბილისის მოსახლეობას სტანდარტულად თვეში ერთხელ ყოველი თვის დასაწყისში მიუვა,"- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.