მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირის რძით დამზადებული კოსმეტიკა ახალ საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად ემზადება

5f5ccf551c9ea
ნუცა ბაზლიძე
13.09.20 00:05
1071
კომპანია „დემა“ მომხმარებლებს კოსმეტიკურ საშუალებებს სთავაზობს, რომელიც ბოლნისის რაიონის სოფელ ბალიჭში მდებარე საოჯახო ტიპის საწარმოში მზადდება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი მაია დევნოზაშვილი გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში საუბრისას აცხადებს, პროდუქცია სამკურნალო მცენარეების საშუალებით მზადდება, ასევე მათ გარკვეულ ნაწილში გამოყენებულია ფუტკრის დინდგელი.

აღსანიშნავია, რომ „დემას“ პროდუქციაში ხვდება ვირის რძით დამზადებული საპონიც, რომელიც შესაძლოა, საერთაშორისო ბაზარზეც გამოჩნდეს.

„თავდაპირველად, ეს პროდუქცია ემიგრანტებს მიჰქონდათ საჩუქრად; გასულ წელს, საცდელად, ირანში გავიდა ექსპორტზე და ძალიან სწრაფად რეალიზდა კიდევაც“, - აღნიშნავს მაია დევნოზაშვილი.

მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე პროდუქციის გატანა პოლონეთში, ჩეხეთსა და აშშ-ში მოიაზრება.

„მოლაპარაკება მიდის ბიოსერტიფიკატის აღებაზე. ეს სერტიფიკატი საქართველოში არ გაიცემა, საზღვარგარეთაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, სჭირდება დრო“, - აღნიშნავს „დემას“ დამფუძნებელი.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, მაია დევნოზაშვილის განმარტებით, „დემას“ პროდუქცია „PSP“-ის აფთიაქში ხვდება, ასევე წარმოდგენილია ტურისტულ მაღაზიებში. შესაძლებელია მისი ონლაინ შეძენაც, მათ შორის, „ვენდუს“ პლატფორმაზე.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, მაია დევნოზაშვილი დასძენს, რომ იგეგმება პროდუქციის გამრავალფეროვნებაც, მათ შორის განიხილება მიცერალური სითხის დამატება, ასევე ტესტირების ეტაპზეა ტუჩსაცხი და თმის ბალზამი.