მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვირტუალურ საერთაშორისო სავაჭრო გამოფენაში 17 ქართული კომპანიაც მონაწილეობდა

5ef1b35038d04
BM.GE
23.06.20 22:20
827
United Fresh გამოფენა - უმსხვილესი საერთაშორისო ასპარეზი სასურსათო პროდუქციის სფეროს პროფესიონალთათვის, ყოველწლიურად, ათასობით მყიდველსა და ექსპორტიორს უყრის თავს. როგორც bm.ge-ს ღონისძიებების ორგანიზატორებმა აცნობეს, პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა ღონისძიება ონლაინ სივრცეში გადაიტანეს. 15 ივნისიდან ერთი კვირის განმავლობაში, მონაწილეები დაესწრნენ ონლაინ კონფერენციებს, ფორუმებს,
ვებინარებსა და სხვადასხვა სოციალურ შეხვედრას.

ვირტუალურ გამოფენაში მონაწილეობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელმა მიიღო, მათ შორის საქართველოდანაც.

აღსანიშნავია, რომ გამოფენაში, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის, 17-მა ქართულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. მცირე და საშუალო მეწარმეებმა სხვადასხვა ორგანული, დამუშავებული და ახლად მომზადებული პროდუქცია (თხილი (ასევე, თხილის პასტა), წვენი, ჩაი, გამომშრალი ხილი (ჩირი), თაფლი და ყველი) წარუდგინეს ვიზიტორებს.

წლევანდელ ღონისძიებაზე 23, 500 ადამიანი და 200-ზე მეტი კომპანია იყო დარეგისტრირებული. კომპანიებს, პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის“ დაეხმარა ონლაინ სივრცის მოწყობაში, ბიზნეს კატალოგისა და ვირტუალური სტენდის (საქართველო - სიცოცხლის არომატები) შექმნაში,რომელსაც 500-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. გარდა ამისა, ქართულმა კომპანიებმა, მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილიდან, 30-ზე მეტ მყიდველთან გამართეს მოლაპარაკებები.

“დღეს მსოფლიო დიდი გამოწვევის წინაშე დგას. თუმცა, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად შევძლოთ ადაპტირება არსებულ რეალობასთან. ერთი კვირის განმავლობაში, ჩვენი ბენეფიციარები გაეცნენ ბაზარზე არსებულ უახლეს ტენდენციებს, დაამყარეს ახალი კონტაქტები, შეინარჩუნეს კავშირი გლობალურ ბაზრებთან და მიიღეს ვირტუალურ სივრცეში მუშაობის გამოცდილება. ვიმედოვნებთ, მიღებული ცოდნა და გამოცდილება დადებითად აისახება მათი ბიზნესის განვითარებაზე”, - აღნიშნავს კონსტანტინე მდინარაძე, საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრის “აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის” პროექტის კოორდინატორი.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით სხვა გამოფენებისგან, United Fresh Live-ის ონლაინ პლატფორმა გახსნილი იქნება 15 სექტემბრამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ნებისმიერ მყიდველს შეეძლება პროდუქციის დათვალიერება და ექსპორტიორებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება.

პროექტი „აღმოსავლეთის პარტნიორობა: მზაობა ვაჭრობისთვის“ EU4Business ინიციატივის ფარგლებში ევროკავშირის მიერ ფინანსდება. მისი მიზანი მცირე და საშუალო მეწარმეობის შესაძლებლობათა გაძლიერება და კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. პროექტის ფარგლებში, აქტიურად ხდება მეწარმეების მხარდაჭერა ხარისხისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა, რათა ქართული საექსპორტო პროდუქცია შეესაბამებოდეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნებს.