მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვის აჯერებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, კარგი ცხოვრების გამო ხალხი ქვეყნიდან არ გარბის“ - ბერიკაშვილი

634510583cc32
მარიამ დემეტრაშვილი
11.10.22 23:55
650
ვის აჯერებენ, რომ ყველაფერი კარგად არის? ვინმესთვის კვერცხი არ გაძვირებულა ქვეყანაში? - ასე გამოეხმაურა „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ „არავითარი გამოწვევა ქვეყანას არ გააჩნია“.

ბერიკაშვილის თქმით, ეკონომიკური ზრდა, რაზეც ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობს, არც მდგრადია და არც ინკლუზიური.

„არასერიოზულია იმაზე საუბარი, რომ ეს ეკონომიკური ზრდა მდგრადი და ინკლუზიურია. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ყველაფერი ხალხზე არ აისახება. ამას უნდა მდგრადი განვითარება რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც. წელიწადზე მეტია, ინფლაციის ორნიშნა მაჩვენებელი გვაქვს, უმუშევრობა გვაქვს ძალიან მაღალი და ამ პრობლემების შედეგია, რომ ხალხი გარბის ამ ქვეყნიდან. კარგი ცხოვრების გამო ხალხი არ გარბის ქვეყნიდან. ყველა მიმართულებით გვაქვს პრობლემები და არასერიოზულია ასე საუბარი. ვის აჯერებენ რომ ყველაფერი კარგად არის? ვინმესთვის კვერცხი არ გაძვირებულა ქვეყანაში? ახლა შვიდი ლარი რომ ღირს და ორი წლის წინ 2.5 ლარი ღირდა. ვინმეს სამჯერ გაეზარდა ხელფასი?“ - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

მან არაკომპეტენტურობა უწოდა პრემიერის მიერ საქართველოსა და ევროპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის ერთმანეთთან შედარებას.

„რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დროში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ ყველა მიმართულებით გამოწვევაა. საუბარი იმაზე, რომ ევროპაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და ამით თავის მოწონება, რბილად რომ ვთქვათ, არაკომპეტენტურობაა. პრემიერ-მინისტრი არაკომპეტენტური კი არის, მაგრამ არც იმდენად, რომ ვერ ხვდებოდეს ამას. ევროპასთან შედარებით ყოველთვის უკეთესი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მაგრამ ეგ არ ნიშნავს, რომ ევროპაზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობა გვაქვს“, - აღნიშნა მან.