მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ბალანსზე გადავა "საქართველოს რკინიგზა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაცია“?

62b1d5031c698
ელენე გოგბერაშვილი
21.06.22 19:30
4238
ამჟამად "საპარტნიორო ფონდის" საკუთრებაში ორი მსხვილი სახელმწიფო საწარმოა, ესენია "საქართველოს რკინიგზა" და "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია". სხვადასხვა ენერგეტიკული სახელმწიფო საწარმო ფონდის შემადგენლობიდან უკვე გავიდა, მათ შორისაა ესკო, სახელმწიფო ელექტროსისტემა, ასევე „თელასის“ 25%.

როგორც ცნობილია, მთავრობა „საპარტნიორო ფონდის“ შესახებ კანონს აუქმებს. ამ საკითხთან დაკავშირებით ფონდის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ “საპარტნიორო ფონდის” ბალანსიდან "საქართველოს რკინიგზის" და გაზისა და ნავთობის კორპორაციის" გაყვანაც იგეგმება, თუმცა სად გადადის აღნიშნული სახელმწიფო კომპანიები, ამაზე პრეს-რელიზში არაფერი იყო ნათქვამი.

როგორც ირკვევა, საპარტნიორო ფონდიდან გასვლის შემდეგ "საქართველოს რკინიგზა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაცია" შესაძლოა, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადავიდეს. bm.ge-ს შესაბამის კითხვას ფინანასთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილმა უპასუხა.

„სახელმწიფო საწარმოების რეფორმის სტრატეგიის ერთ-ერთი კომპონენტი არის ის, რომ განისაზღვროს ამ სახელმწიფო საწარმოების ფლობის მოდელი. სტრატეგიის მიხედვით, რეკომენდებულია ფლობის ცენტრალიზებული მოდელი, რომ ერთი უწყება იყოს ამაზე პასუხისმგებელი. ამ ეტაპზე არსებული მოდელით, ვიდრე ჩვენ მივიღებთ ახალ სტრატეგიას, არსებული მოდელით ქონების ეროვნული სააგენტო არის ფლობაზე პასუხისმგებელი, შესაბამისად, თუ ეს გასვლა მოხდება რეფორმის სტრატეგიის მიღებამდე, ბუნებრივი ადგილი მისთვის არის ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო. შემდეგ უკვე, როცა სტრატეგიას მივიღებთ, საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული სად იქნება ცენტრალიზებული ფლობის ერთეული. თუ ეს იქნება ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებული, ბუნებრივია, ახალ ცენტრალიზებულ მფლობელთან მოხდება ამ კომპანიების გადასვლა“, - აცხადებს მირზა გელაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დამტკიცება ივლისში იგეგმება.