მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის აბასთუმნის ცაზე ავიამიმოსვლის შეზღუდვის ინიციატივა? - bm.ge-ს ექსკლუზივი

5d9dbcae2f46a
ელენე გოგბერაშვილი
09.10.19 15:15
2577
აბასთუმნის ცაზე ავიატრასების მიმართულება შესაძლოა, შეიცვალოს. შედეგად საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც აღნიშნული ავიატრასებით სარგებლობენ, ახალ მიმართულებაზე გადაწყობა მოუწევთ, თუმცა მანამდე მთელი რიგი ცვლილებების განხორციელება გახდება საჭირო, როგორც ქვეყნის, ისე საერთაშორისო კანონმდებლობაში.

გავრცელებული ინფორმაციის ნამდვილობის გადამოწმების მიზნით, BM.GE "საქაერონავიგაციას" და "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ თემაზე ჯერჯერობით ამ უწყებებში კომენტარს არ აკეთებენ.

გავარკვიეთ, რომ ინიციატივა ავიატრასების გადატანის შესახებ ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის, რომელიც აბასთუმნის ობსერვატორიის წლების წინ დაყენებულ მოთხოვნას ახლა გამოეხმაურა.

ობსერვატორიის მთავარი მკვლევარი შოთა ინასარიძე ჩვენთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ობსერვატორიის თავზე 3 ავიატრასა გადის, რაც მათ დაკვირვების პროცესს ხელს უშლის. საუბარია, რომ ავიატრასების გადაწევა მოხდეს ისე, რომ თვითმფრინავებმა ობსერვატორიის თავზე აღარ გაიაროს.

"ამის თაობაზე საქმის კურსშია ეკონომიკის სამინისტრო და განათლების სამინისტრო. შეგვპირდნენ, რომ ეს გაკეთდება აუცილებლად.

ეს ხომ თავად გააკეთეს თავის დროზე, ეს ყველაფერი ხომ თავად დააშავეს. 90-იან წლებში ასე არ იყო, როგორც გაკეთეს, ისე უნდა გამოასწორონ", - აცხადებს ინასარიძე.

მისი თქმით, ტრასების გადატანის აუცილებლობაზე ობსერვატორია წლებია საუბრობს, თუმცა აქამდე მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ახლა კი შემოთავაზება თავად ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს.

"დიდი ხანია ვლაპარაკობთ ამაზე. კაციშვილი ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევდა აქამდე, ახლა წამოიწყეს იმიტომ, რომ ინიციატივა წამოვიდა სამინისტროდანაც. ამასთან დაკავშირებით დირექტორს ესაუბრნენ და დირექტორმა გვაცნობა, რა კოორდინატები გვჭირდება ჩვენ, რომ ცა იყოს თავისუფალი.

ჩვენ კოორდინატები გვაქვს მიცემული, რომ ეს უნდა გასუფთავდეს. შეიძლება, ტრასა იყოს ისე ჰორიზონტიდან, რომ ჩვენ ხელს არ შეგვიშლის", - აცახდებს ობსერვატორიის მთავარი მკვლევარი.

უცნობია, რატომ გახდა აბასთუმნის ცაზე ავიამიმოსვლის გადატანის საკითხი აქტუალური დღეს, როცა ობსერვატორიას კომპოზიციებზე დაკვირვების პრობლემა 90-იანი წლებიდან აქვს და აქამდე ამ საკითხით არავინ დაინტერესებულა.

იმ შემთხვევაში, თუ ობსერვატორიის თავზე არსებული ავიატრასების გადატანის საკითხი გადაწყდა, ეს არამარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო კანონმდებლობაში ცვლილებებს გამოიწვევს.

აღნიშნულ საკითხზე bm.ge განმარტებებს ეკონომიკის სამინისტროსგანაც ელოდება.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ ტელეკომპანი "მთავარმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, აბასთუმნის ცაზე ავიაფრენების განხორციელება იკრძალება და საერთაშორისო კომპანიებმა, რომლებიც აღნიშნული ავიატრასებით სარგელბლობენ, მიმართულება უნდა შეიცვალონ. "მთავარის" ინფორმაციითვე, ივანიშვილის გადაწყვეტილების აღსრულება მთავრობამ უკვე დაიწყო.