მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის და რამდენი მილიონის შემოსავალი აქვს RMG Gold-ს?

6009977427fe6
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.21 23:19
7060
საქართველოში ოქროს და სპილენძის უმსხვილესი მომპოვებელი ჯგუფი RMG ჰოლდინგია, რომელიც RMG Copper-სა და RMG Gold-ს აერთიანებს. კომპანიების აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, მათი საკონტროლო პაკეტის მფლობელები რუსი მილიარდერები და ბიზნესპარტნიორები - დმიტრი ტროიცკი და დმიტრი კორჟევი არიან.

Forbes-ის ინფორმაციით, როგორც კორჟევის, ასევე ტროიცკის ქონება $1 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კორჟევი და ტროიცკი კლასელები იყვნენ, მათ ქონება 1990-იანი წლების დასაწყისში ავტომობილებით ვაჭრობით დააგროვეს, შემდგომ კი რუსეთის ერთ-ერთი წარმატებული რითეილის ქსელი O’Key დააფუძნეს. რუსმა ბიზნესმენებმა RMG ჰოლდინგი 2012 წელს შეიძინეს, ამ გარიგების ღირებულება, Bloomberg-ის ინფორმაციით, $120 მილიონს შეადგენდა.

RMG Gold-ის 2019 წლის აუდიტორული ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის მთლიანი შემოსავალი 237,928,000 ლარი იყო. 2018 წელთან შედარებით, RMG Gold-ის მთლიანი გაყიდვები 13.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება კომპანიის წმინდა მოგებას, ის 22,177,000 ლარს შეადგენდა. 2018 წელთან შედარებით მოგების მაჩვენებელი თითქმის განახევრებულია, რადგან ამ წელს კომპანიას 43,979,000 ლარის წმინდა მოგება ჰქონდა.

RMG Gold-ის საბალანსო უწყისის მიხედვით, კომპანიის აქტივების ჯამური მოცულობა 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 349,957,000 ლარს შეადგენდა.

RMG Gold-ი ანუ Rich Metals Group-ი 1994 წელს დაფუძნდა. კომპანიის ძირითად საქმიანობას, საყდრისის საბადოს მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის შესაბამისად, ოქროს, სპილენძისა და სხვა ფერადი ლითონების მოპოვება და გადამუშავება წარმოადგენს. RMG-ი აღნიშნული ლიცენზიის საფუძველზე ოქროს ბოლნისისა და დმანისის რაიონებში 2042 წლის იანვრამდე მოიპოვებს.

ცალკეული მეტალების მიხედვით, RMG Gold-ის შემოსავლები 2019 წლის მდგომარეობით ასე ნაწილდება:

• შემოსავალი ოქროს რეალიზაციიდან - 183,208,000 ლარი;

• შემოსავალი სპილენძის მადნის რეალიზაციიდან - 40,086,000 ლარი;

• შემოსავალი ვერცხლის რეალიზაციიდან - 1,105,000 ლარი.

როგორ იწარმოება ქართული ოქრო:

RMG Gold-ი ოქროსა და ვერცხლს მოპოვებული მადნის გამოტუტვის გზით, ანუ მათი ნატრიუმის ციანიდში გატარების პროცესით მოიპოვებს.

კომპანიის მმართველობით ანგარიშგებაში გამოტუტვის პროცესი ამგვარად არის აღწერილი:

“გამოტუტვის ტექნოლოგიური პროცესის ფარგლებში ხდება ე.წ. გროვის ფორმირება წყალგაუმტარ ზედაპირზე, რომელზეც ხდება ციანიდის ხსნარის დასხურება. ოქრო და ვერცხლი გადადის ხსნარში, რომელიც გაიფილტრება აქტივირებული ნახშირის საშუალებით და გამოწვის შემდეგ ხდება ზოდების ჩამოსხმა. გროვაზე დასხურება ხანგრძლივი პროცესია და შესაძლებელია, ერთ წლამდე გაგრძელდეს. აღსანიშნავია, რომ მოცემული პროცესი იძლევა ოქროს დაბალი შემცველობის (ოქროს შემცველობა ერთი გრამი ტონაზე და ნაკლები) მადნის გადამუშავების საშუალებას. აგრეთვე შესაძლებელია ერთხელ დაფქული და გადამუშავებული მადნის მეორედ და მესამედ გადამუშავება. ამ შემთხვევაში ეკონომიკურად მიზანშეწონილი მადნის შემცველობა შეიძლება იყოს 0.3 გრამი ტონაზე ან უფრო ნაკლები. ასევე აღსანიშნავია, რომ მოცემული ტექნოლოგიით შესაძლებელია მხოლოდ სპეციფიკური მადნების (ე.წ. ოქსიდური ანუ დაჟანგული) გადამუშავება”, - ნათქვამია ანგარიშგებაში.

რამდენი ოქრო არის იმ ტერიტორიაზე, სადაც RMG Gold-ი მოიპოვებს ძვირფას მეტალებს:

RMG Gold-ის მმართველობითი ანგარიშგების მიხედვით, ამ ეტაპზე არსებული მარაგების გათვალისწინებით, საყდრისის საბადოდან მადნის მოპოვება 2.4 მილიონი ტონის რაოდენობით არის მოსალოდნელი, რაც შეიცავს დაახლოებით 71 ათას უნცია ოქროს (1 უნცია 31.1035 გრამია). მოცემული რაოდენობის ამოღება უნდა მოხდეს 2028 წლის ბოლომდე. (ამ ოქროს დღევანდელი ღირებულება $132.8 მილიონი დოლარია).

კომპანია გეგმავს 9 მილიონი ტონა მადნის მეორად გადამუშავებას, რომელიც შეიცავს 87 ათას უნცია ოქროს. მოცემული რაოდენობის მადნის გადამუშავება იგეგმება 2022 წლის ბოლომდე. (ამ ოქროს ღირებულება დღეს $162.8 მილიონი დოლარია).

მესამედ გადამუშავება ხორციელდება ე.წ. ძველ გროვებზე, რაც წარმოადგენს ძირითადად 90-იანი წლებიდან სს "არემჯი კოპერისგან" შესყიდულ და გადამუშავებულ მადნებს, რომელზეც შემდგომ განხორციელდა ე.წ. გადაბრუნება ანუ მეორედ გადამუშავება. მესამედური გადამუშავებისთვის ვარგისი მადანი შეფასებულია 12.5 მილიონი ტონის რაოდენობით, რომელიც შეიცავს 100 ათას უნცია ოქროს. მოცემული რაოდენობის მადნის გადამუშავება იგეგმება 2022 წლის ბოლომდე. (ამ ოქროს ღირებულება დღეს $187 მილიონი დოლარია).

აგლომერაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1.3 მილიონი ტონა ბარიტის მადნის გადამუშავება, რომელიც შეიცავს 19 ათას უნცია ოქროს. ამ პროექტის ფარგლებში გადამუშავება უნდა მორჩეს 2022 წელს. (ამ ოქროს ღირებულება დღეს $35.5 მილიონი დოლარია).

ბნელი ხევის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1.7 მილიონი ტონა მადნის გადამუშავება, რომელიც შეიცავს 44 ათას უნცია ოქროს. ამ პროექტის ფარგლებში გადამუშავება უნდა მორჩეს 2022 წელს. (ამ ოქროს ღირებულება დღეს $82.3 მილიონი დოლარია).

სს"არემჯი კოპერისთვის" ოქრო სპილენძის მადნების მოპოვება იგეგმება 10 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 332 ათასი უნციის ოდენობით, ხოლო სპილენძის შემცველობა 34 ათასი ტონის ოდენობით. მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2028 წლის ბოლომდე. (ამ ოქროს ღირებულება დღეს $621 მილიონი დოლარია, სპილენძის ღირებულება კი $271.5 მილიონი დოლარია).

ასევე 2020 წლიდან მუშევანის პროექტის ფარგლებში იგეგმება სს "არემჯი კოპერისთვის" ოქრო-სპილენძის მადნების მოპოვება 2.3 მილიონი ტონის ოდენობით, რომელშიც ოქროს შემცველობა იგეგმება 89 ათასი უნციის ოდენობით, ხოლო სპილენძის შემცველობა 6 ათასი ტონის ოდენობით. მოცემული რაოდენობის მადნის მოპოვება იგეგმება 2028 წლის ბოლომდე (ამ ოქროს ღირებულება დღეს $166.6 მილიონი დოლარი, სპილენძის ღირებულება კი $47.9 მილიონი დოლარია.)”, ირკვევა RMG Gold-ის ანგარიშიდან.

კომპანიაში 1,549 ადამიანი არის დასაქმებული.