მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ეკუთვნის რისკი? - ADB-ის და საქართველოს პოზიცია ანაკლიის პორტის მაგალითზე

645369beeaa3f
ელენე კვანჭილაშვილი
04.05.23 12:17
2399
„რისკების განაწილებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როცა კომერციულად გამართულ პროექტებზე (bankable projects) ვსაუბრობთ“, - ასე უპასუხა ADB-ის PPP პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა კლეო კავავაკიმ "ანალიტიკა"-ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვას: რას ნიშნავს კონკრეტულად კომერციულად მომგებიანი პროექტები, როცა საქმე ისეთი მასშტაბის პროექტს ეხება, როგორიც საქართველოში ანაკლიის პორტისა და სმარტ ქალაქის პროექტი იყო და რომელიც, მთავრობის განმარტებით, მათ შორის, ამ მიზეზის გამოც ვერ შედგა.

კლეო კავავაკიმ კონკრეტულ პროექტზე მსჯელობას თავი აარიდა, თუმცა გვითხრა, რომ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რატომ სჭირდება ამა თუ იმ ინფრასტრუქტურული პროექტის განსავითარებლად კერძო სექტორთან პარტნიორობა. „თუ პასუხი მხოლოდ ის არის, რომ ბიუჯეტი მეტ ფულს დაზოგავს - ეს საკმარისი პირობა ვერ იქნება“, - ამბობს ADB-ის PPP პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი.

კლეო კავავაკის თქმით, ADB-ის ჩართულობა მსგავს კომპლექსურ პროექტებში ინვესტორებისთვის მიმზიდველია, რადგან მათ იციან, რომ აზიის განვითარების ბანკი პროექტის დასაწყისიდან ბოლომდე პროექტის მონიტორინგისა და საკონსულტაციო ნაწილში ჩართული რჩება. „თუ ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობა მხარს უჭერს პროექტს, რეგულაციები და წესები მკაფიო და გამჭვირვალეა, ეს განსაზღვრავს მათ შორის, რამდენად bankable შეიძლება იყოს პროექტი. თუ აქ ბუნდოვანებაა, მაშინ ვცდილობთ რეკომენდაციების გზით დავაფიქროთ მთავრობები, რა ცვლილებები შეიძლება შეიტანონ ამ წესებსა და რეგულაციებში, ზოგჯერ კანონის დონეზეც კი“, - განმარტავს კლეო კავავაკი.

"ანალიტიკა"-ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის დამატებით კომენტარზე - ზოგჯერ საბაზრო პირობები იცვლება, როგორც ახლა შუა კორიდორის გააქტიურების ფონზე და დღეს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის არსებობა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი შავი ზღვის რეგიონისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი - ADB-ის PPP პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაშიც, მთავარი კითხვა ის არის, ვინ როგორ ინაწილებს რისკს. „შეცვლილ გარემოებებს სწორი მართვა და გამოყენება სჭირდება“, - ამბობს კლეო კავავაკი.

ADB-ის PPP პარტნიორობის თემატური ჯგუფის სამდივნოს ოფისის ხელმძღვანელი ადრიენ ტორესი კი გვეუბნება, რომ “კერძო-საჯარო პარტნიორობის მთელი მიმზიდველობა სწორედ ის არის, რომ პროექტი მომგებიანი უნდა იყოს ორივე მხარისთვის“. ამისთვის კი, ADB-ის PPP პარტნიორობის თემატური ჯგუფის სამდივნოს პორტფოლიოს მენეჯმენტის ხელმძღვანელის იჩირო აოკის აზრით, ქვეყანას წარმატების ისტორიები სჭირდება. „უკვე შემდგარი PPP პროექტის ჩვენება ინვესტორთა ინტერესსა და ნდობაზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს“, - გვითხრა იჩირო აოკიმ.

ADB-ის წლიურ შეხვედრას ესწრებოდა და მმართველთა საბჭოს ბიზნეს სესიაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილიც. "ანალიტიკა"-ს ავტორისა და წამყვანის ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე - ვინ და როგორ უნდა გაინაწილოს რისკები ანაკლიის პროექტში - ლაშა ხუციშვილის პოზიციაა, რომ თუკი ოპერატორი ტვირთების გარანტიას მოითხოვს, მაშინ საქართველოს მთავრობამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, საკუთარი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული სახსრებით ააშენოს პორტი, რადგან „მთავრობას სესხის მოზიდვა უფრო დაბალ პროცენტში შეუძლია, ეს კი პროექტის ღირებულებაში აისახება“.

BMG აზიის განვითარების ბანკის 56-ე წლიურ შეხვედრას ადგილზე - სამხრეთ კორეაში აშუქებს.