მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ენდობა ხალხი - ბიზნესლიდერებს თუ მთავრობებს? – ICC-ის გენმდივანი

5f5f7de4e94b1
ელენე კვანჭილაშვილი
14.09.20 18:35
907
„ბევრ ქვეყანაში ხალხი უფრო მეტად ენდობა ბიზნესლიდერებს, ვიდრე მთავრობას“ - ასეთია საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) გენერალური მდივნის ჯონ დენტონის დაკვირვება, რომელიც მან ექსკლუზიურად The Checkpoints- ს გაუზიარა.

ელენე კვანჭილაშვილთან ინტერვიუში დენტონმა დეტალურად ისაუბრა ხელისუფლებისა და გადაწყვეტილებების მიმღებებსა და ბიზნესსაზოგადოებას შორის მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობაზე, როცა საქმე COVID-19-თან ბრძოლას ეხება.

როგორც ICC-ის გენერალური მდივანი აღნიშნავს, თუ ბიზნესს საკმარისი და ზუსტი ინფორმაცია აქვს, მაშინ მას შეუძლია ის თავის დასაქმებულებს გააცნოს და ამით მისი ეფექტიანად გამოყენების შანსი გაზარდოს.

ამ ტიპის კომუნიკაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, ICC გადაერთო ისეთი ტიპის მუშაობაზე, რომელიც ბიზნესს ამ კრიზისთან ბრძოლას გაუმარტივებდა - შესაბამისად, შექმნა რეგიონული სამოქმედო ჯგუფები. „ჩვენ ამ რეგიონებში - მათ შორის, ევროპაშიც - ვაგროვებთ ბიზნესსაზოგადოების ხმას; ვაიდენტიფიცირებთ მათ საჭიროებებს და შემდეგ ვაწვდენთ ამ ხმას გადაწყვეტილებების მიმღებებს და ლიდერებს, როგორც რეგიონული ისე გლობალური მასშტაბით“, – განმარტავს ჯონ დენტონი.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რასაც ICC-ის გენერალური მდივანი The Checkpoints-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში უსვამს ხაზს, ის არის, რომ გლობალურად, ლიდერებს უჭირთ 2008 წლის ფინანსურ კრიზისსა და ამ პანდემიას შორის არსებული განსხვავებების დანახვა. „ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ის, რომ გლობალური ლიდერებისთვის - მათ შორის, დიდი ოცეულისთვის და ა.შ. - მიგვეწვდინა ხმა, რომ - არა, რა გეგმითაც თქვენ მოქმედებდით 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, არ იქნება საკმარისი და სათანადო პასუხი ამ - რეალური ეკონომიკის კრიზისისთვის. მთავარი დღეს ის არის, რომ მაკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებმა უნდა მიიღონ მხარდაჭერა იმისთვის, რომ ფუნქციონირება განაგრძონ და ადამიანების დასაქმება შეძლონ“, - ამბობს დენტონი.

ჯონ დენტონი საერთაშორისო სავაჭრო პალატის გენერალური მდივანი 2018 წელს გახდა. ის არის გლობალური ბიზნესლიდერი, პოლიტიკის დარგში საერთაშორისო კონსულტანტი და ექსპერტი საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტირების საკითხებში. დენტონი წამყვანი გლობალური ინფრასტრუქტურული ჯგუფის IFM Investors-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Veracity WorldWide-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა.

ICC მსოფლიოს 100 ქვეყანაში 45 მილიონ კომპანიას აერთიანებს, მისიით - ბიზნესის წარმოება გაუმარტივოს ყველას, ყოველდღე და ყველგან.