მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის გაითვალისწინებს მთავრობა - ბიზნესს თუ თბილისის მერიას? - ნარჩენების მართვის რეფორმა

5f0732f976245
BM.GE
10.07.20 09:00
1005
თბილისის მერია იმედოვნებს, რომ ცენტრალური მთავრობა მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებულ კანონქვემდებარე აქტებს უახლოეს მომავალში დაამტკიცებს იმ რედაქციით, რომელიც მოდიფიცირებულია თავად მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ექსპერტების მიერ.

თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით დიდი ხანია მიმდინარეობს და ისინი გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად ჩართული იყვნენ კანონქვემდებარე აქტების შემუშავებაში, რომლებმაც უნდა დაადგინოს, რეალურად რა ვალდებულებები აქვთ ნარჩენების მართვის ახალი პოლიტიკით მუნიციპალიტეტებს და ბიზნესებს.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ბიზნესს ავალებს, საკუთარ წარმოქმნილ სპეციფიკურ ნარჩენეზე თავად იზრუნოს და შეაგროვოს ისინი და გადაამუშაოს. თუმცა, რეფორმა, რომ განხორციელდეს კანონქვემდებარე აქტების მიღებაა საჭირო, რომელიც ამ დრომდე შესაფუთ მასალებთან და მეორად ავტომობილებთან დაკავშრებით მიღებული არ არის. სამინისტრო და ბიზნესი მიზეზად სწორედ თბილისის მერიასთან შეუთანხმებლობას ასახელებენ, რადგან რიგ საკითხებში მერიისა და ბიზნესის აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 

„მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რომელიც ჩვენ ცირკულარული ეკონომიკისკენ გადაგვადგმევინებს ნაბიჯს, ესაა ნარჩენების სეპარირება, დახარისხება და გადამუშავება, რომლისთვისაც მუნიციპალიტეტმა უნდა მოაწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა. დადგენილებაზე ჩვენ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ, მათ შორის მთავრობის ადმინისტრაციასთან.

ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დადგენილება იქნება დამტკიცებული ცენტრალური მთავრობის მიერ, რომლის მიხედვით მუნიციპალიტეტის ვალდებულებაა, რომ უზრუნველყოს სეპარირებული შეგროვების სისტემა, ანუ ვგულისხმობ, მათ შორის ისეთი ნაგვის ურნების განთავსებას, როგორიც ჭავჭავაძეზე მოეწყო. ეს არის ცალ-ცალკე გამოყოფილი ნაგვის ურნები, სადაც მოსახლეობას მოგვიწევს სეპარირებულად, დახარისხებული ნარჩენის განთავსება.

ხოლო მეორე მხრივ, ბიზნესებს, როგორც მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ქვეშ გაერთიანებულ სუბიექტებს, ვალდებულება ექნებათ, რომ გაიღონ გარკვეული ხარჯი იმისთვის, რომ მათ მიერ იმპორტირებულ ან წარმოებულ პროდუქტს, რომელიც ნარჩენად გარდაიქმნება, თავიდან ბოლომდე მოუარონ.

იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ცენტრალური მთავრობა, ამ დადგენილებას დაამტკიცებს იმ მოდიფიცირებით, რომლებიც მათ შორის ჩვენი და ევროკავშირის ექსპერტების მიერ იქნა რეკომენდირებული”,- აცხადებს ბითაძე.

კითხვაზე, რატომ არ აქვს კომუნიკაცია მერიას უშუალოდ ბიზნესთან, რაზეც კერძო სექტორი წუხს, მერის მოადგილე პასუხობს:

“ბიზნესთან ჩვენ ძალიან ბევრი შეხვედრა გვქონდა, უშუალოდ მეც მქონდა ბიზნესთან შეხვედრა, მაგრამ გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო არის წამყვანი რგოლი ამ მიმართულებით, ჩვენ არაერთხელ დავსწრებივართ შეხვედრებს რომელიც სამინისტროს გაუმართავს ამ მიმართულებით და კვლავ მზად ვართ, რომ მონაწილოება მივიღოთ ამ შეხვედრებში”,- აცხადებს მაია ბითაძე.