მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის შეეხება "ამნისტია" ადმინისტრაციულ სახდელებზე?

5d84cfeb3f56a
ნუცა ბაზლიძე
20.09.19 17:07
2536
საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც სოციალურად დაუცველების, პენსიონერების, არასრულწლოვნების, შშმ პირების, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, მარტოხელა მშობლებისა და დევნილების გარკვეული ადმინისტრაციული სახდელისგან, კონკრეტულად კი ფულადი ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

აღსრულების ეროვნული ბიუროს თავჯდომარის, იოსებ ბაღათურიას განცხადებით, კანონპროექტი სამართლებრივი და სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით შეიქმნა. ის ემყარება სტატისტიკას, რომლის მიხედვითაც საზოგადოების აღნიშნული წარმომადგენლები არ ფლობენ საკმარის ქონებას და არ არიან გადახდისუნარიანები.

ამის გათვალისწინებით შედგება ერთჯერადი, პრევენციული ხასიათის მქონე აქტი. იოსებ ბაღათურიას განმარტებით, მსგავსი ტიპის პროექტები, რომლებიც ითვალისწინებს სოციალურ მხარდაჭერას, ხშირი პროცესია ევროკავშირის არაერთ ქვეყანაში.

შეღავათები შეეხებათ იმ პირებს, რომლებმაც სამართალდარღვევა ჩაიდინეს 2019 წლის 15 იანვრამდე. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით, შეღავათები გავრცელდება 2018 წლის 10 აპრილიდან 2019 წლის 15 იანვრამდე პერიოდში გამოწერილ არასწორ პარკირებასთან დაკავშირებულ ჯარიმებზე.

აღნიშნული კანონპროექტი, ჯამში, 37 350 საქმეს შეეხება და მოქალაქეებს 23 538 178 ლარის მოცულობის ჯარიმა-საურავები ჩამოეწერებათ.

კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერისა და „საკანონმდებლო მაცნე“-ში გამოქვეყნების შემდეგ შევა ძალაში.