მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისაუბრებთ პრობლემებზე, რაც ქმნის ბარიერს ინვესტიციების შემოსასვლელად - ლევან ვეფხვაძე

60b0d2657f57b
ვიქტორია მღებრიშვილი
28.05.21 16:30
691
„საქართველოს ბიზნესასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, BAG-ს პრემიერთან და მის მრჩეველთან ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, იმ საკითხების განხილვა სურს, რომლებიც ინვესტიციების შემოდინების ნაწილში „ხახუნს“ ქმნიან, რათა რთულ პერიოდში ქვეყანაში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის მიზნით, FDI-ის შემოსვლა დაჩქარდეს.

ლევან ვეფხვაძემ გადაცემა „ანალიტიკაში“, პრემიერ-მინისტრის თავმჯდომარეობით, გუშინ გამართული ინვესტორთა საბჭოს სხდომის კომენტირებისას აღნიშნა, რომ FDI-ს მოსაზიდად უპირველეს პრობლემას საქართველოში სასამართლო ხელისუფლებაში არსებული გაუმართაობა წარმოადგენს.

„ჩვენი მთავარი მიმართვა ის არის, რომ გამოვყოთ საკითხები, რომლებსაც პრემიერ-მინისტრთან და მის მრჩეველთან ერთად გავივლით. ერთ-ერთი რითაც დავიწყებთ, სასამართლო ხელისუფლებაა და ამის შემდეგ გადავალთ იმ პრობლემურ საკითხებზე, რასაც ბიუროკრატია და რეგულაციები ჰქვია. დეტალურად გავივლით ყველა იმ პრობლემას, რომელიც ქმნის ბარიერებს იმ ტრანზაქციებში, რასაც ქვეყანაში ინვესტორების შემოსვლა ჰქვია. გლობალურად ახალი რეალობა მივიღეთ, როდესაც ინვესტორების ნაწილი არის გაჩერებული და მოლოდინის რეჟიმში. ამ გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანი შესაძლებლობა გვიჩნდება ეს გამოწვევები შესაძლებლობად გარდავქმნათ, რათა ინვესტორები შემოვიყვანოთ და შევძლოთ ეკონომიკის სწრაფი განვითარება ქვეყანაში “, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

BAG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილთან გუშინ გამართულ შეხვედრაზე განხილულ საკითხებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ბიზნესასოციაცია ამ ეტაპზე მუშაობს კონკრეტულ პროექტზე, რომლის შემდეგ გარკვეულ რეკომენდაციებს წარადგენენ.

„გუშინდელ შეხვედრაზე ათწლიან გეგმაზე წინასწარ საუბარი არ გვქონდა, თუმცა ამაზე ბიზნესთან შეხვედრის დროს ვისაუბრეთ. მაშინ პრემიერს ბევრ სექტორთან დაკავშირებით ჩვენი ხედვები წარვუდგინეთ და იმედი გვაქვს, ეს საკითხები საბოლოო გეგმაში გათვალისწინებული იქნება. ჩვენ ველოდებით ამ დოკუმენტს და მას შემდეგ, რაც მთავრობა 10-წლიანი გეგმის პროექტს წარმოადგენს, ამ დოკუმენტის განხილვაში აქტიურად ჩავერთვებით.

შეხვედრაზე ორი ძირითადი მიმართულება განვიხილეთ, ერთი - ეკონომიკის აღდგენას ეხებოდა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია პოსტ-კოვიდურ სიტუაციაში ბიზნესასოციაციების ჩართულობა იმისთვის, რომ კომპანიების გამოცდილება მთავრობის მიერ გაზიარებული იყოს. 2019 წლის ნიშნულზე დაბრუნება იყოს სწრაფი და უმტკივნეულო; მეორე ნაწილი შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ჩვენ ერთ კონკრეტულ თემაზე - ხელისშემშლელ ფაქტორზე ვისაუბრეთ - ეს არის სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები. იყო ძალიან ზოგადი შეფასებები, რადგან ჩვენ საქართველოს ბიზნესასოციაციაში კონკრეტულ გეგმაზე ვმუშაობთ და ძალიან აქტიურ ინტერაქციაში ვართ ხელისუფლების სამივე შტოსთან, რათა ბიზნესის კუთხით ეს პრობლემები მოგვარდეს. შეხვედრაზე ეს ინფორმაცია გავაჟღერეთ და ვთქვით, რომ ძალიან მალე ეს საკითხები ფართო დისკუსიის საგანი გახდება. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი კოლეგა ბიზნესასოციაციების შენიშვნები, შეთავაზებები და მოსაზრებები. ძირითადად ყველა ერთ ძალიან მარტივ საკითხზე დადის. როცა უცხოურ ინვესტიციებზეა საუბრები და ინვესტორი საქართველოში კონკრეტული თანხის ინვესტირებაზე ფიქრობს - ის გადადებს ყველა ბიზნესგეგმავს და იკითხავს, რამდენად იქნება ეს თანხა დაცული და სასამართლოში ბიზნესდავები რამდენ ხანს გრძელდება. ბიზნესდავების საკითხი სასამართლოში შეიძლება 5-6 წელი გაგრძელდეს და ვერ დასრულდეს. ბუნებრივია, ფულს თავისი ღირებულება დროში აქვს და 5-6 წლიანი დავები ნიშნავს იმას, რომ ფული გაჩერებულია და ინვესტორი უკუგებას ვერ იღებს, ამ შემთხვევაში ის სხვა უკეთეს ადგილს ნახულობს, სადაც მსგავსი პრობლემები არ არის“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.