მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისაუბროთ ციფრებით, ფაქტებით და ვიამაყოთ შედეგებით, რაც ტურიზმში გვაქვს - ქვრივიშვილი

61014c61bdb58
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.21 18:30
2382
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თავის ფეისბუქ-გვერდზე საქართველოში ტურიზმის მიმართულებით ტუროპერატორების შეფასებას ეხმაურება, რომლის მიხედვით „საქართველოში ტურისტების ნასახი აღარ არის“.

მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული რეალობის ამგვარი შეფასება არასწორია და წერს:

„დღესაც წავიკითხე საფუძველს მოკლებული “შეფასება” - ტურისტის ნასახი არაა საქართველოშიო. მოდით, ვისაუბროთ ციფრებით, ფაქტებით და ვიამაყოთ იმ შედეგებით, რაც მოკლე ვადაში კერძო სექტორთან ერთად ტურიზმის აღდგენის და გაძლიერების კუთხით შევძელით კოვიდის რეალობაში. მთავარი ახლა ვაქცინაციაა იმისთვის, რომ ეს აღდგენის და გაძლიერების ტემპი იყოს მდგრადი და სტაბილური. ტურიზმის სექტორს ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევა აქვს, ამიტომ ინდუსტრიის გაძლიერებისთვის უმჯობესია რეალურ გამოწვევებზე და გადაჭრის გზებზე ვიმსჯელოთ“, - წერს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და თავისი შეფასების დასტურად მოჰყავს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს პუბლიკაციები, რომელთა მიხედვითაც, საქართველოში ტურისტების მზარდი ტენდენციაა, რაც აისახა კიდევ ჯავშნების რაოდენობის მატებაზე როგორც მსხვილ და ქსელურ სასტუმროებზე, ასევე საოჯახო სახლებსა და ასევე ბინებზე, რომელთა გაქირავების მაჩვენებელმაც 2019 წლის მონაცემს უკვე გადაუსწრო.

ცნობისთვის: 2021 წლის ივნისში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლის სახით $122.5 მილიონი დოლარის შემოსავალი ჰქონდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მთლიანობაში, მიმდინარე წლის 6 თვეში ეკონომიკამ ტურიზმიდან $299.5 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ივნისის განმავლობაში საქართველოში სულ 146.6 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა. შედარებისთვის, ეს 2020 წლის ანალოგიურ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობასთან შედარებით 287%-ით მეტია.

ტურიზმის შედარებითი აღდგენის მიუხედავად, მისი მოცულობა პანდემიამდელ პერიოდთან (2019 წლის ივნისთან) შედარებით 80%-ით ნაკლებია ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, ივნისში ვიიზტორთა ნაკადი 2019 წლის 20%-ის დონეზე აღდგა.